ახალი ამბები

ვის აცრიან ე.წ. ბუსტერ დოზით – გადაწყვეტილება

7 ოქტომბერი, 2021 • 3876
ვის აცრიან ე.წ. ბუსტერ დოზით –  გადაწყვეტილება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციის ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა შესაძლებელი იქნება კონკრეტული ჯგუფებისთვის.

გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ბუსტერს ასევე მიიღებენ ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და მაღალი რისკის პროფესიებში დასაქმებული ადამიანები. ამასთან, სასურველი ვაქცინით რევაქცინაციას შეძლებენ ის პირებიც, ვისაც სამოგზაურო მიზნებისთვის ესა თუ ის ვაქცინა სჭირდება:

“საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება. ასევე, მაღალი რიკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე, დახურული ტიპის დაწესებულებებში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა ადამიანმა, რომლებსაც უწევთ მოგზაურობა და ითხოვდნენ აცრას ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირსა და აშშ-ში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციით განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დაშვებულია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 23 დღეში.

ჩვენც შეგვიძლია ეს რეკომენდაცია გამოვიყენოთ და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ვაქცინა. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან იქონიონ მოგზაურობის საბუთი”, – ამბობს თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირებს, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, შეუძლიათ “ბუსტერი” ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ვაქცინით ჩაიტარონ მათი სურვილის მიხედვით. ამ ეტაპზე ასეთია “სინოფარმისა” და “ფაიზერის” წარმოების ვაქცინები.

იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ივანე ჩხაიძემაც. მისი თქმით, ე.წ. ბუსტერი არ ეხება ყველა ვაქცინას. კერძოდ, “ასტრაზენეკა” თავად აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებულ ვაქცინას მესამე ბუსტერ დოზა არ სჭირდება, “ფაიზერით” აცრილები კი, რომლებიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, შეძლებენ ვაქცინის მესამე დოზაც მიიღონ.

რაც შეეხება” სინოფარმსა” და “სინოვაკს”, ივანე ჩაიძის თქმით, “სინოფარმსაც” არ აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ ამ წარმოების ვაქცინით აცრილები ბუსტერს საჭიროებენ, თუმცა, თუ პირს სამოგზაუროდ სჭირდება იმ ქვეყანაში აკრედიტებული ვაქცინით აცრა, ბუსტერს გაუკეთებენ:

“ბუსტერ დოზა არ ეხება ყველა ვაქცინას. ასტრაზენეკას აქვს გაცხადებული, რომ მისი ვაქცინა არ საჭიროებს ბუსტერს. შესაბამისად, მას ეს არ ეხება და დარჩა ფაიზერი, რომელმაც განაცხადა, რომ 6-12 კვირის პერიოდში განიხილავდა ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებას. სინოფარმსა და სინოვაკთან დაკავშირებით ეს გადასაწვეტია იმ ადამიანის, რომელსაც გაკეთებული აქვს ვაქცინა. სინოფარმთან დაკავშირებით არ არის დაფიქსირებული, რომ მას სჭირდება გაძლიერება, მაგრამ გამოყოფილია ჯგუფი ადამიანების, რომლებსაც უნდათ საზღვარგარეთ წასვლა”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი