ახალი ამბები

გახარიას პარტია საკრებულოებში ენმ-სთან ან “ოცნებასთან” ალიანსში შესვლას არ გეგმავს

6 ოქტომბერი, 2021 • 2661
გახარიას პარტია საკრებულოებში ენმ-სთან ან “ოცნებასთან” ალიანსში შესვლას არ გეგმავს

პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოებში სისტემური პარტნიორობის და ალიანსის ჩამოყალიბებას არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც “ქართულ ოცნებასთან” არ აპირებს.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან დოლიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” სტუმრობისას განაცხადა.

“მთავარი ფუნდამენტი, რასაც ცალკეულ შემთხვევებში ჩვენი გადაწყვეტილებები დაეფუძნება, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იქნება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ადგილობრივი არჩევნების შედეგად შექმნილ საკრებულოებში არ ვაპირებთ, რამე ალიანსი შევქმნათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მათთან ვითანამშრომლოთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საკრებულოებში არ ვგეგმავთ პარტნიორულ ურთიერთობებს და ალიანსის შექმნას „ქართულ ოცნებასთან“. კონკრეტულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისას ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს და, მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები”, — განაცხადა ლევან დოლიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნება” რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს. ამ საკრებულოების დიდ ნაწილში უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, ხოლო ზუგდიდში უმრავლესობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ერთპიროვნულად დააკომპლექტებს.

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უმრავლესობის მფლობელის ვინაობას მეორე ტური გადაწყვეტს, ზოგან კი ის, თუ ვისთან ითანამშრომლებენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ მისი პარტია უმრავლესობას იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც შეკრავს, სადაც ამისათვის ხმათა საკმარისი ოდენობა ვერ მიიღო. მეორე მხრივ, გამორიცხავს თანამშრომლობას გახარიას პარტიასთან, რომლის წევრთა პოზიციაც, ზოგიერთი საკრებულოს შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება კოალიციის დაკომპლექტების პროცესში.

5 ქალაქი, სადაც “ოცნება” უმრავლესობას კარგავს – პირველადი შედეგები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი