ახალი ამბები

რეგულირების სააგენტომ სამალავებიდან 6 000-მდე ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღო

6 ოქტომბერი, 2021 • 678
რეგულირების სააგენტომ სამალავებიდან 6 000-მდე ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სექტემბერში თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში, სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან 5 766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საკონტროლო შესყიდვისას 5 აფთიაქში სპეციალური რეცეპტის გარეშე შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები, 6 შემთხვევაში კი აფთიაქის ნებართვის გარეშე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა გამოვლინდა.

“მხოლოდ სექტემბრის თვეში, თბილისსა და ბათუმში,  სააგენტომ გამოავლინა 11 აფთიაქი, სადაც ადგილი ჰქონდა  ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას. გატარებული ღონისძიებების შედეგად, აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია  და კონფისკაციას დაექვემდებარა 5 766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება”, – განმარტა რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი გუნცაძემ.

სააგენტოს ცნობით, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს სანებართვო პირობების დარღვევის 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის 11 ფაქტი.

გამოვლენილ შემთხვევებზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც სააგენტომ განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გააგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი