ახალი ამბები

აზარაშვილი ეპილეფსიის მედიკამენტზე შესაძლო ხელოვნური დეფიციტის საკითხზე განმარტებას აკეთებს

21 ივლისი, 2023 • 1435
აზარაშვილი ეპილეფსიის მედიკამენტზე შესაძლო ხელოვნური დეფიციტის საკითხზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტებას აკეთებს ფარმაცევტული კომპანიების მიერ ეპილეფსიის მედიკამენტზე შესაძლო ხელოვნური დეფიციტის საკითხზე.

მინისტრის თქმით, პრეპარატი, რომელიც ეპილეფსიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება და შეუცვლელია, გასული კვირის განმავლობაში აფთიაქებში არ მოიპოვებოდა, რის გამოც ექიმები და მშობლები შეშფოთებას გამოხატავდნენ. მინისტრის თქმით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გადაამოწმა აღნიშნული პრეპარატის ნაშთები და აღმოაჩინა, რომ მედიკამენტი აფთიაქებს მართლაც არ ჰქონდათ მარაგში, თუმცა საწყობში ფიქსირდებოდა:

„როდესაც ეს ნაშთები გადამოწმდა, აფთიაქებში არ იყო მედიკამენტი. ასევე, გადამოწმდა ჩვენი სისტემის მეშვეობით საწყობში, სადაც დავინახეთ ეს ნაშთები, თუმცა, ჩვენი თანამშრომლები როდესაც ამოწმებდნენ ამ კომპანიებთან, იქ მიუთითებდნენ, რომ რეალურად ნაშთი არ იყო და არც იცოდნენ, თუ როდის ექნებოდათ“, — აცხადებს მინისტრი.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, უწყების თანამშრომლები საწყობში ფიზიკურადაც იმყოფებოდნენ იმის დასადგენად, რეალურად იყო თუ არა იქ აღნიშნული პრეპარატის ნაშთები. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებმა იქ პრეპარატის ათასობით კოლოფი აღმოაჩინეს, რაც შესაბამის ოქმში ასახეს, კომპანია დააჯარიმეს და მედიკამენტის ქსელში დაუყოვნებლივ გაშვება მოსთხოვეს.

მინისტრი ეჭვობს, რომ აღნიშნულის მიზეზი კომპანიების მხრიდან რეფერენტული ფასის გაზრდა იყო. აზარაშვილის თქმით, საკითხზე მოკვლევა დაიწყო კონკურენციის სააგენტომაც.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინაც გაავრცელა. უწყებას გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია. ასოციაციის განცხადებით, უწყებამ გადაუმოწმებელ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია:

„მეტიც, ფარმაცევტული ასოციაციის წევრებზე ბრალის დადება მოხდა არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებსა ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტზე მხოლოდ და მხოლოდ სავარაუდო ინფორმაციასა და დაშვებების საფუძველზე.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია აცხადებს, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო”, რომელიც წარმოებულია კომპანია „სანოფის“ მიერ, მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, ბაზარზე იქნა იმპორტირებული მცირე რაოდენობით და მწარმოებელმა მხარემ ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობით მედიკამენტის მოწოდება დამკვეთებისთვის.

ასევე შეფერხებულია აღნიშნული მედიკამენტის იმპორტი პარალელური რეჟიმით თურქეთიდანაც, ვინაიდან თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტის რეფერენტულ ფასში მოწოდებას“, – აცხადებენ ასოციაციაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “დეპაკინი ხრონო” საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებისთანავე იყო მიწოდებული როგორც კერძო, ასევე ქსელურ სააფთიაქო დაწესებულებებში რეალიზაციისათვის, მაგრამ შეზღუდული და არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე მოხდა აღნიშნული მედიკამენტის სწრაფი ამოყიდვა:

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია გმობს მის წევრ კომპანიებზე მორიგ ჯერზე გავრცელებულ ბრალდებებს და ეჭვობს, რომ წამოწყებული კამპანია არის მიზანმიმართული სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ, რაც ყოვლად მიუღებელია და დასაგმობია დარგის თითოეული წევრისთვის.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ასოციაციის წევრებისათვის მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მით უმეტეს, პაციენტების ხარჯზე, და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი“, — აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი