ახალი ამბები

სამინისტრო აფთიაქებს ეპილეფსიის მედიკამენტის ხელოვნურ დეფიციტში ადანაშულებს

20 ივლისი, 2023 • 820
სამინისტრო აფთიაქებს ეპილეფსიის მედიკამენტის ხელოვნურ დეფიციტში ადანაშულებს

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ ქსელებს კვლავ ადანაშაულებს ხელოვნური დეფიციტის შექმნაში. ამჯერად, უწყების განცხადებით, ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გამოავლინა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის ფაქტები.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება.

„რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

მარაგების შესახებ ფარმაცევტული კომპანიების მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს. რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს“, — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, უწყების განცხადებით, აზარალებს მოქალაქეებს:

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტის რეალიზაცია, რეგულირების სააგენტოს რეაგირების შემდეგ, ცალკეულ სააფთიაქო ქსელებში დაიწყო.
ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს.
ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი