ახალი ამბები

რეგულირების სააგენტოს თქმით, ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ რეალიზების ფაქტები გამოავლინეს

20 ოქტომბერი, 2023 • 1557
რეგულირების სააგენტოს თქმით, ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ რეალიზების ფაქტები გამოავლინეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წელს 62 აფთიაქში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინეს.

სააგენტოს განცხადებით, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

რეგულირების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა ავტორიზებული აფთიაქებიდან,11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი. 97 753 ერთეული კი სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ.

სააგენტო ასევე ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, სადაც პრეპარატები ისეთ ადგილებშია გადამალული, როგორიცაა სავენტილაციო სისტემა, აქანდაზი, პოსტერმინალი და სხვა.

„გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება 3 წლით შეუჩერა“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6000-დან 16000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, უწყების განცხადებით, კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია გაუგზავნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი