ახალი ამბები

ადვოკატი: ხელისუფლებას მადლობა ეთქმის კადრების გავრცელებისთვის, სააკაშვილის პიარია

5 ოქტომბერი, 2021 • 3420
ადვოკატი: ხელისუფლებას მადლობა ეთქმის კადრების გავრცელებისთვის, სააკაშვილის პიარია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ტელეკომპანია “მთავართან” სოციალურ ქსელებსა და მედიაში ექსპრეზიდენტის დაკავების კადრების გავრცელების შესახებ საუბრობს.

ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ კადრები თავად ხელისუფლებამ გაავრცელა და სააკაშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, თუმცა, შედეგი საპირისპირო იყო.

სააკაშვილის ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებას ღირსეულად შეხვდა და ხაზს უსვამს მის ადამიანურ მხარეს:

“ჩვენ ვიცით, კადრების გავრცელებაში ეს ხელისუფლება როგორი დაოსტატებულია ჰაკიმ ფაშას ვიდეოდან მოყოლებული. სინამდვილეში, მადლობა ეთქმით ამ კადრების გავრცელებისთვის. ეს არის მიხეილ სააკაშვილის პიარი. ჩვენ ვნახეთ, როგორ ღირსეულად შეხვდა ის პოლიციის რიგით თანამშრომლებს და როგორ ღირსეულად მიიღო ის მოცემულობა, რაც დადგა.

მეორე მხრივ, იქ მწირი სუფრა იყო, მაგრამ იყო ხინკალი. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილის ადამიანურ მხარეს. პირიქით, ამ კადრების გავრცელებით ხელისუფლებამ ზიანი მიიღო, ჩემი აზრით. თუ ამით იმის დემონსტრირება უნდოდათ, რომ მიშა შიმშილობს და აქ ხინკალი აჩვენეს, ეს კადრები მის დაკავებამდეა. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ხელისუფლებამ გაავრცელა ეს კადრები”, – ამბობს ბექა ბასილაია.

დღეს სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის თბილისში დაკავების კადრები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კადრების გავრცელებასთან კავშირს უარყოფს, სააკაშვილის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ დაპატიმრების მომენტში მიხეილ სააკაშვილი ბინაში მარტო იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი