ახალი ამბები

ელისაშვილის თქმით, კარგია, რომ მშვიდობიან დემონსტრაციებს მივეჩვიეთ

15 ოქტომბერი, 2021 • 1949
ელისაშვილის თქმით, კარგია, რომ მშვიდობიან დემონსტრაციებს მივეჩვიეთ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ გუშინდელი აქციისთვის თვალი არ უდევნებია, რადგან სხვა საქმეებით იყო დაკავებული, თუმცა მიესალმება იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი პროტესტის გამოსახატად მშვიდად გამოდის და მშვიდადვე მიდის სახლში.

რაც შეეხება აქციაზე შეერთებას, ელისაშვილის თქმით, არ იზიარებდა გუშინდელი მანიფესტაციის სულისკვეთებას და თავისუფლების მოედანზეც ამიტომ არ მივიდა:

“დიდად თვალი არ მიდევნებია, სიმართლე გითხრათ, სხვა რამეებით ვიყავი დაკავებული. ვიცი, რომ ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, რომ თანდათან მივეჩვიეთ იმას, რომ ათეულობით ათასი ადამიანი გამოდის, მშვიდობიანად აფიქსირებს თავის პროტესტს და მშვიდადვე მიდის სახლში. არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რაც იმ აქციაზე იყო. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

14 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ათიათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა თბილისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი