ახალი ამბები

მიტროპოლიტი ნიკოლოზი სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის ციხეში შევიდა

13 ოქტომბერი, 2021 • 1105
მიტროპოლიტი ნიკოლოზი სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის ციხეში შევიდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის, კუმურდოს და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ საკაშვილთან შესახევდრად მივიდა.

მიტროპოლიტმა საპატიმროში შესვალმდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ მედიასთან ისაუბრებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ იმედი აქვს სააკაშვილი ციხეს დატოვებს და ქვეყანაში ახალი ეპოქა დაიწყება, სადაც მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება საერთო ენის გამონახვას შეძლებენ:

“მე რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. თავს როგორ გრძნობს ვერ გეტყვით. გარდა იმისა, რომ ადამიანური საუბარი გვქონდა. მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი – ვფიქრობ, ყველა დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აქედან გამოსავალი არის რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა და ვთხოვე ბატონ მიხეილს მოეწოდებინა მომხრეებისთვის რომ ვიფიქროთ ყველამ ერთად შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ვფიქრობ ეს იწყება ჩვენი წარსულიდან, კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, მძიმე 90-იანი წლები და ბევრი სხვა რამ.

დღესაც ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ჩვენ რომ ვიანგარიშოთ ვის რა დანაშაული გვაქვს ჩადენილი, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს. მან თავის მიმართვაში ჩაწერა ეს და იმედია გამოქვეყნდება, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. მე დიდი იმედი მაქვს ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ მოქმედი წარსული და მომავალი ხელისუფლება გამონახავენ საერთო ენას” – თქვა მიტროპოლიტმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს საქართველოში დააკავეს. ის უკრაინიდან არალეგალური გზებით შემოვიდა. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი პირველია ამ რანგის სასულიერო პირებში, ვინც სააკაშვილთან ციხეში შესახვედრად მივიდა. მანამდე, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილთან იმყოფებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

მღვდელმთავრების ნაწილმა კი სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. მათ შორისაა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.

სააკაშვილს უნდა ჰქონდეს სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა — მიტროპოლიტი გრიგოლი
სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მიტროპოლიტი იოსებიც შეუერთდა

მასალების გადაბეჭდვის წესი