სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური” ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა ფოთის ნავსადგურის გავლით.
კორპორაცია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დადასტურებულ ინფორმაციას არ ფლობს; ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნავსადგურის ტერიტორიაზე შემავალი ან გამავალი ტვირთის და მისი თანმხლები პირების შემოწმებაზე “უფლებამოსილი და, შესაბამისად, პასუხისმგებელი არ არის”.
“აღნიშნული პროცესი სრულად კონტროლდება და იმართება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ”, — აღნიშნულია განცხადებაში.
სააქციო საზოგადოება ასევე ახსენებს ფოთის ნავსადგურის 2 თანამშრომლის დაკავებას სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმესთან დაკავშირებით.
“ჩვენ ველოდებით საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ოფიციალურ ინფორმაციას. აქვე, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მოთხოვნისამებრ ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან”, — დასძენს ის.
მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდგომ კი ბათუმში გადაღებული რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა. ის იმავე დღეს, საღამოს საათებში დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.
სააკაშვილის გარდა, დაკავებულნი არიან ფოთის პორტის 2 თანამშრომელი და ელგუჯა ცომაია, რომლის ბინაშიც მესამე პრეზიდენტი დაკავების მომენტში იმყოფებოდა.








