ახალი ამბები

რუსთავისა და თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა

2 ოქტომბერი, 2021 • 803
რუსთავისა და თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა

რუსთავსა და თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გამოირთო. ინფორმაციას მედია და ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ.

როგორც “ნეტგაზეთს” “ენერგო-პრო ჯორჯიას” პრესსამსახურში განუცხადეს, რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება მე-14 და მე-15 საარჩევნო უბნებს შეუწყდათ.

“ახლა ხდება ალტერნატიულ ხაზზე გადართვა და მალე ჩაირთვება ორივე უბანი. მიზეზი იყო ავარიული შემთხვევა, რომელიც ერთ-ერთ გადამცემ ხაზზე მოხდა”, — აღნიშნავენ კომპანიაში.

ოპოზიციის წარმომადგენლები ანალოგიური შემთხვევების შესახებ თბილისიდან, საბურთალოს რაიონიდანაც იუწყებიან. მათი ინფორმაციით, საუბარია საირმის ქუჩაზე გახსნილ რამდენიმე უბანზე. “თელასში” ადასტურებენ, რომ პრობლემა მართლაც შეიქმნა, რის შემდეგაც უბნები ალტერნატიულ ხაზზე გადართეს და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე იხურება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 41.35%-ია.

შედარებისთვის, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დროის ამავე შუალედში ამომრჩეველთა აქტივობა 36.71%-ს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი