ახალი ამბები

ზუგდიდში დარღვევების დაფიქსირების შემდეგ დამკვირვებლებს აძევებენ – წითლიძე

2 ოქტომბერი, 2021 • 837
ზუგდიდში დარღვევების დაფიქსირების შემდეგ დამკვირვებლებს აძევებენ – წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის სპიკერი, ანი წითლიძე აცხადებს, რომ დღის განმავლობაში პარტიის და არასამთავრობოების წარმომადგენლებს ხელს უშლიან საქმიანობაში, დარღვევების დაფიქსირების შემდეგ კი აძევებენ.

„დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრებს, წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს ხელი ეშლებოდათ. როდესაც ისინი ცდილობდნენ საჩივრების დაწერას, ეს საბოლოოდ იმით სრულდებოდა, რომ მათი გაგდების გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა კომისიის თავმჯდომარე“, – განაცხადა წითლიძემ 17:40 საათზე გამართულ ბრიფინგზე.

კერძოდ, წითლიძის თანახმად:

  • „მე-4 უბანზე დაფიქსირდა „კარუსელის“ შემთხვევა, როდესაც მოქალაქე სხვისი პირადობით შევიდა უბანზე, ხოლო მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა გაასაჩივრა ეს ქმედება, გააძევეს“;
  • „90-ე უბნიდან გააძევეს საიას და ისფედ-ის დამკვირვებლები, რომლებსაც საჩივრების დაწერის საშუალება არ მისცეს“;
  • „მე-18 უბნიდან გააძევეს ჩვენი მხარდამჭერი დამკვირვებელი, რომლმაც კარუსელი დააფიქსირა და საჩივრის დაწერა მოითხოვა“;
  • „მე-17 უბანზე იყო შემთხვევა, როდესაც გადასატან ყუთში მყოფი 2 პიროვნება გამოცხადდა უბანზე ხმის მისაცემად მას შემდეგ, რაც მათთვის უკვე ჰქონდათ მიტანილი გადასატანი ყუთი, თუმცა ეს ფაქტიც აღიკვეთა ჩვენი წარმომადგენლის მიერ“.
  • „მე-2 უბანზე იყო შემთხვევა, როცა გადასატან ყუთს მიჰყვებოდა ჩვენი კომისიის წევრი, რომელმაც საჩივარი დაწერა იმაზე, რომ გადასატანი ყუთი მიუტანეს ჯანმრთელ ადამიანს, და ამის გამო გამოაგდეს უბნიდან“.
  • „გვქონდა ინციდენტი 87-ე და 21-ე საარჩევნო უბნებზე, სადაც გვქონდა ინფორმაცია, რომ არაუფლებამოსილი და უცხო პირები იყვნენ შიგნით; ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენებმა საჩივრის ფურცელი მოითხოვეს, მათ ჰქონდათ შეხლა-შემოხლა კომისიის წევრებთან და არ აძლევდნენ საჩივრის დაწერის უფლებას. ამის შემდეგ მივედი მე, პოლიცია გამოვიძახე და ეს უცხო პირი პოლიციამ გააქცია, ფაქტობრივად. განცხადება გაკეთებული გვაქვს ამაზე და ვითხოვთ სასწრაფოდ ამ ფაქტების გამოძიებას“…

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს, რომლის თანახმადაც ენმ-ის რეაგირება არასწორია.

  • მირანდა მესის თანახმად, 90-ე უბანზე „დამკვირვებლის მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი, პირადობის მოწმობას იღებდა და თავად ამოწმებდა, რაც მას არ ევალება და იყო პროცესის ხელშეშლა. არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მან გააგრძელა გადაღება და ამის გამო გააძევეს“.
  • მე-18-ზე „კარუსელის“ ბრალდებასთან დაკავშირებით მესხი ამბობს: „კომისიის წევრები ყველა საჩივარს იღებენ და არეგისიტრირებენ. „კარუსელი“ როგორ ტრიალდება, როდესაც რეგისტრატორები კი არიან ოლქიდან დანიშნულები, მაგრამ პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრი არის ნაკადის მომწესრიგებლად განწესებული თითქმის ყველა უბანზე. შესაბამისად, ის ამოწმებს მოქალაქეებს შემოსვლისას, – ორივე მტევანს ყველას ამოწმებს და როგორ შეუშვებს მარკირებულ ადამიანს“…
რა არის კარუსელი

„კარუსელი“ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. ეს პრაქტიკა გულისხმობს წინასწარ შერჩეული ამომრჩევლისთვის გამზადებული, უკვე შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენის მიცემას უბანზე შესვლამდე; უბანზე შესვლის შემდეგ პირი იღებს ახალ, ცარიელ ბიულეტენს, შედის ხმის მიცემის კაბინაში, ინახავს ცარიელ ბიულეტენს, უკვე შევსებულს  კონვერტში დებს და საარჩევნო ყუთში აგდებს, ცარიელი ბიულეტენი კი უბნიდან გამოაქვს, რის შემდეგაც „კარუსელის“ ორგანიზატორი/განმახორციელებელი ახლა უკვე ამ ახალ ცარიელ ბიულეტენს ავსებს წინასწარ და სხვა ამომრჩეველს აძლევს. პროცესი ასე გრძელდება.

რაც შეეხება მე-2 უბანზე წითლიძის მიერ დასახელებულ შეცდომას:

  • „ჩვენ არ ვფლობთ [კომისიის წევრის გაგდებაზე ინფორმაციას]… ზოგადად, ყველაფერზე დადგება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ამ ინფორმაციას მოვიკითხავთ, გადავამოწმებთ და თუკი მოხდა უფლებამოსილების [დარღვევით] შეზღუდვა, შედგება ადმინისტრაიციული სამართლადარღვევის ოქმები“, – განუცხადა მირანდა მესხმა „ნეტგაზეთს“.

2 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით 64 მერს ირჩევენ. ამასთან, ირჩევენ 64 საკრებულოს 2 068 წევრს შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული წესით. ამომრჩეველთა რაოდენობა 3 497 345-ია.

ზუგდიდში, 67-ე ოლქში, – რომელიც ქალაქსა და გარეუბნებს მოიცავს, – 109 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც რეგისტრირებულია 119 849 ამომრჩეველი.

ზუგდიდის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: „ქართული ოცნებიდან“ – მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია, გიორგი გახარიას პარტიიდან – ყოფილი მერე გეგა შენგელია, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ილია ჩაჩიბაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი