ახალი ამბები

ხმაური ზუგდიდის 90-ე უბანზე: სამი დამკვირვებელი გააძევეს

2 ოქტომბერი, 2021 • 785
ხმაური ზუგდიდის 90-ე უბანზე: სამი დამკვირვებელი გააძევეს

ზუგდიდის 90-ე უბნიდან გააძევეს 3 დამკვირვებელი, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) წარმომადგენლები.

ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა, დონა ბერიშვილმა დაუდასტურა.

ISFED-ის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე წერს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი, რომელიც მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა, უკანონოდ გააძევეს.

„ამასთან, ადგილზე მისული ჩვენი მობილური ჯგუფის წარმომადგენელი ასევე თავდასხმისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. ისიც გამოაძევეს“, – წერს იგი ფეისბუკზე.

ISFED-ის განცხადებით, მათი დამკვირვებელი აფიქსირებდა გარემოებას, რომ უბანზე ხმის მისაცემად ხელმეორედ შედიოდა პირი.

კომისიის მდივნის, დონა ბერიშვილის თქმით, გაძევების აქტი შეადგინეს სამ პირზე: ანა შენგელიაზე, ელენე ნარმანიასა და კესო ქანთარიაზე.

მისი ცნობით, საია-ს წარმომადგენელ კესო ქანთარიას გაძევების საფუძველი გახდა მის მიერ უბანზე „ორი პირის ურთიერთშელაპარაკების“ გადაღება „წესების დარღვევით“.

„ჩხუბის დროს უღებდა. ჩართო კამერა, მე, მდივანს, მომიშვირა… გადაღების უფლება ჰქონდა, მაგრამ კონკრეტული ადგილიდან, მაგრამ მან ხან აქეთ იარა, ხან იქით, ამაზე ვაძლევდით შენიშვნას“.

„10 წუთი კი შეუძლია მოძრაობა, მაგრამ ამის შემდეგ ერთ ადგილას უნდა იდგეს და კამერა მიშვერილი უნდა ჰქონდეს ყუთზე, თორემ პერსონას რატომ უნდა გადაუღოს. ორი მამაკაცი წაკამათდა და იმას მიუშვირა კამერა… დამკვირვებელი უნდა დააკვირდეს, რომ არ გაყალბდეს. ესენი ხომ არ არიან ჟანდარმერიის წარმომადგენლები“, – უთხრა მდივანმა „ნეტგაზეთს“.

ჩვეულებრივ, საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლისთვის შესაძლებელია 10 წუთის განმავლობაში თავისუფალი ფოტო-ვიდეოგადაღება, 10 წუთის შემდეგ კი გადაღება შესაძლებელია თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან. ეს წესი მედიაზე ვრცელდება.

იურისტი ნათია კაპანაძე, – რომელიც წარმოადგენს „კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის“, – განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, საკითხი კომპლექსურად შეფასდეს.

„თუკი გადაღება წესის დარღვევით ხდება, უნდა შეფასდეს, არის თუ არა ეს დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ხელი შეეშალა პროცესს, და რამაც უნდა გამოიწვიოს უბნის დატოვება“, – ამბობს კაპანაძე.

ამასთან, მისი თქმით, თუკი საარჩევნო უბანზე არსებული დარღვევის დაფიქსირების სხვა რესურსი არ არსებობს, დამკვირვებელს აქვს შესაძლებლობა, რომ ასახოს ფოტო-ვიდეოგადაღებით დანაშაულის ნიშნები და „შემდეგ უნდა შეფასდე ეს მოცემულობა მთლიანად კომიიის უმრავლესობის მიერ“.

ის ხაზს უსვამს, რომ ყველა შემთხევვაში, „კომისიამ ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“ და უპირობოდ ის, რომ ადამიანმა გადაღება დაიწყო, გაძევების საფუძველი არ შეიძლება იყოს.

მოგვიანებით ამ ინციდენტს გამოეხმაურა ცესკოს სპიკერი ნათია იოსელიანი, რომელმაც განაცხადა:

„რამდენიმე დამკვირვებელი კენჭისყრის პროცესს უშლიდა ხელს, ისინი ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უღებდნენ ფოტოს, ზემოაღნიშნულის გამო კომისიის თავმჯდომარემ გააფრთხილა ისინი, თუმცა მოგვიანებით მოუხდა მათი უბნიდან გაძევება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი