ახალი ამბები

ენმ-ის მხრიდან „კარუსელზე“ ბრალდებას ზუგდიდში დაპირისპირება მოჰყვა

2 ოქტომბერი, 2021 • 828
ენმ-ის მხრიდან „კარუსელზე“ ბრალდებას ზუგდიდში დაპირისპირება მოჰყვა

დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, მე-4 საარჩევნო უბანთან.

ინციდენტი დაიწყო იმით, რომ, ენმ-ის დამკვირვებელმა მოითხოვა საჩივრის დაწერა უბანზე პირის შემოსვლის გამო სხვა პირის პირადობის მოწმობით.

ენმ-ის ადგილობრივი ოფისი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ მათი წარმომადგენელი უბანზე შესულ ქალს ეკითხება, რატომ აქვს სხვისი პირადობა.

„პირადობა შემეშალა… წავალ, მოვიტან, რა იყო“, – ამბობს პასუხად მოქალაქე.

ამ ეპიზოდს ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ენმ-ის მხარდამჭერი დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს, შემდეგ კი -ფიზიკური შეხლა-შემოხლა, თუმცა ვითარება მალევე, პოლიციის გამოჩენის შემდეგ განიმუხტა.

კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ბასილაია ამბობს, რომ კომისიას საქმიანობაში ხელს უშლიდა ენმ-ის წარმომადგენელი: „მოხდა დაპირისპირება, რადგან უცენზურო სიტყვები იყო. გამოვიძახეთ პოლიცია და გავაძევეთ“.

დაძაბულობის დროს შეუძლოდ გახდა საუბნო კომისიის მდივანი და ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მივიდა. ამჟამად იგი კარგადაა და აგრძელებს მოვალეობის შესრულებას.

ენმ-ის ზუგდიდის ოფისის ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე ამბობს, რომ მე-4 უბანზე „ქართული ოცნება“ ე.წ. „კარუსელის“ მოწყობას გეგმავდა და მოქალაქე სხვის ნაცვლად ცდილობდა ხმის მიცემას, რაც პარტიის წარმომადგენლებმა აღკვეთეს.

„კარუსელი“ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. ეს პრაქტიკა გულისხმობს წინასწარ შერჩეული ამომრჩევლისთვის გამზადებული, უკვე შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენის მიცემას უბანზე შესვლამდე; უბანზე შესვლის შემდეგ პირი იღებს ახალ, ცარიელ ბიულეტენს, შედის ხმის მიცემის კაბინაში, ინახავს ცარიელ ბიულეტენს, უკვე შევსებულს  კონვერტში დებს და საარჩევნო ყუთში აგდებს, ცარიელი ბიულეტენი კი უბნიდან გამოაქვს, რის შემდეგაც „კარუსელის“ ორგანიზატორი/განმახორციელებელი ახლა უკვე ამ ახალ ცარიელ ბიულეტენს ავსებს წინასწარ და სხვა ამომრჩეველს აძლევს. პროცესი ასე გრძელდება.

2 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით 64 მერს ირჩევენ. ამასთან, ირჩევენ 64 საკრებულოს 2 068 წევრს შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული წესით. ამომრჩეველთა რაოდენობა 3 497 345-ია.

ზუგდიდში, 67-ე ოლქში, – რომელიც ქალაქსა და გარეუბნებს მოიცავს, – 109 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც რეგისტრირებულია 119 849 ამომრჩეველი.

ზუგდიდის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან:

„ქართული ოცნებიდან“ – მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია, გიორგი გახარიას პარტიიდან – ყოფილი მერე გეგა შენგელია, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ილია ჩაჩიბაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი