ახალი ამბები

“მექანიკური შეცდომა იყო” – კუჭავა აღიარებს, რომ საარჩევნო წესი დაარღვია

2 ოქტომბერი, 2021 • 5044
“მექანიკური შეცდომა იყო” – კუჭავა აღიარებს, რომ საარჩევნო წესი დაარღვია

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების ლოგოიანი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო:

“ეს იყო მექანიკური შეცდომა, უცებ მანქანიდან რომ გადმოხვალ და პირბადეს გაიკეთებ. რა თქმა უნდა, ეს დარღვევა არის. ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და, როგორც ვხვდები, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. დილით პირველი ამომრჩეველი ვიყავი და პირბადე მანქანაში რაც იყო, გავიკეთე. სამწუხაროა, რომ ასეთი რაღაც დამემართა. ფაქტია, რომ დარღვევა არის, ამას არ სჭირდება ორი აზრი და მეც მომიწევს პასუხის გაცემა”, – აცხადებს კუჭავა.

პარლამენტის თავმჯომარის, კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” სიმბოლიკიანი პირბადით მისვლის გამო ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივარი დაწერა. ამის შესახებ საიას დირექტორმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

“მედიით გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა და ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ კენჭისყრის შენობაში ის იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო “ქართული ოცნების” სიმბოლიკა. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით წარვადგინეთ საჩივარი. აქ კიდევ ერთი ფაქტია აღსანიშნავი, რომ ჩვენ საჩივარი ელექტრონული რეესტრის საშუალებით გავაგზავნეთ, თუმცა არასამუშაო საათებში ელექტრონული რეესტრის საშუალებით საჩივარი ვერ წარვადგინეთ შესაბამის საოლქო კომისიაში იმიტომ, რომ სამუშაო საათებში იღებდა ეს ვებგვერდი ამ ინფორმაციას. ჩვენ შემდგომ გვქონდა ცესკოსთან კომუნიკაცია და ეს ხარვეზი გასწორდა. თუმცა საგულისხმოა, რომ ეს ფაქტიც აღვნიშნოთ”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

აღნიშნულს გამოეხმაურა ცესკოც და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია. მათივე თქმით, კუჭავას მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი