„ნაციონალური მოძრაობის“ კურდღელაურის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი გიგიტელაშვილის თქმით, 2 პირს, რომელიც გადასატანი ყუთით სარგებლობდა, პირადობები წაართვეს .
როგორც ნეტგაზეთთან საუბარში გიგიტელაშვილი ჰყვება, მას აქვს ინფორმაცია 2 ასაკოვან პირზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებმა პირადობები წაართვეს.
„სავარაუდოდ, ოჯახის წევრი დააშინეს, და წაართვა… იმიტომ, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან და არ უნდოდათ, რომ ჩვენთვის ხმა მიეცათ“, – ამბობს გიგიტელაშვილი და ამატებს, რომ შემთხვევა კურდღელაურის 49-ე საარჩევნო უბანზე მოხდა.
საბოლოოდ აღნიშნულმა პირებმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს, ჩვენს კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა საუბნო კომისიის წარმომადგენელს, რომელიც ადგილზე მივიდა – გიგიტელაშვილი პასუხობს, რომ მან მომხდარი უკომენტაროდ დატოვა.
ცესკოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.