ახალი ამბები

ვიმედოვნებ, დემოკრატიული პროცესი უზრუნველყოფილი იქნება ყველასთვის – ჰარცელი

2 ოქტომბერი, 2021 • 816
ვიმედოვნებ, დემოკრატიული პროცესი უზრუნველყოფილი იქნება ყველასთვის – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ არჩევნები სწორედ ის დღეა, როდესაც პოლიტიკოსებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ. ის დღეს თბილისში მე-14 უბანს ეწვია, სადაც საარჩევნო პროცესს დააკვირდა. მან ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა მხოლოდ არჩევნებზე, სხვა მიმდინარე თემებს კი არ შეეხო.

“დღეს არის ის დრო, როდესაც პოლიტიკოსებმა, კომენტატორებმა, საზოგადოებრივი აზრის შემქმენლებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ, ხოლო ამომრჩეველი გამოვიდეს და თავისი ნება გამოხატოს. ბოლო კვირებსა და ბოლო 24 საათშიც კი ჩვენ ვიხილეთ პოლარიზაციის ის დონე, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღემდე შენარჩუნებულია, რაც სამწუხაროდ მიმაჩნია”, – თქვა მან და დაამატა, რომ იმედოვნებს, დღეს ამომრჩეველს წყნარ და მშვიდობიან გარემოში შეეძლება ხმის მიცემა.

ჰარცელმა ასევე განაცხადა, რომ როგორც საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი – “ვიმედოვნებ, რომ დემოკრატიული პროცესი უზრუნველყოფილი იქნება ყველა მოქალაქისთვის.”

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები იმართება.

ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი.

ცესკოს მონაცემებით, შექმნილია 3 664 საარჩევნო უბანი,  პენიტენციურ დაწესებულებებში – 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით კი  შექმნილია 70 უბანი.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის  საარჩევნო ადმინისტრაციებისა და  საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.

საარჩევნო უბნები 7 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 8 საათზე დაიწყება.

ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი