ახალი ამბები

სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აცხადებს — ლომჯარია

2 ოქტომბერი, 2021 • 1551
სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აცხადებს — ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილი თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად, აცხადებს შიმშილობას და, როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას.

“როგორ შემოვიდა საქართველოში და რა გზებით, მას არ სურს, რომ ვისაუბრო და არ გვისაუბრია,  სიღრმისეულად არ შევეხეთ ამ ფაქტს.

დაკავების დროს იყო მარტო, არ გამოუყენებიათ ძალა დაკავების დროს, თავად გააღო კარი”, — თქვა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან. შესაბამისად, როგორც ომბუდსმენი ამბობს, სააკაშვილს არ აღენიშნება რაიმე სახის დაზიანება.


მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბრის დილით ფეისბუკზე გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, გასულ ღამეს ბათუმში ჩაწერილი ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია.

ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ უთქვამს, თუ როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, რა გარემოებებში და კონკრეტულად სად დააკავეს, ასევე, მასთან ერთად ხომ არ დაუკავებიათ კიდევ სხვა პირი/პირები.

სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ხელისუფლებას წარმოდგენა არ ჰქონდა ამის შესახებ.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი