„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობს და სინამდვილეში არა ბათუმში და საქართველოში, არამედ უკრაინის კურორტზე, ქალაქ ტრუსკავეცშია.
„სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში“, — განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს 1 ოქტომბერს.
„ის იმყოფებოდა ღამე, როდესაც ვითომ ვიდეოს დებდა, სასტუმრო „რიქსოსში“. ახლა, ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ, შეიძლება, დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება“, — განაცხადა მან.
„ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბინძური „ფეიკით“. ეს კარგია“, — განაცხადა მდინარაძემ.
დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე პირველად დაწერა, რომ ის საქართველოშია. ამის შემდეგ კი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლის ფონადაც ბათუმი ჩანს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საზღვარი.
მდინარაძის თქმით, „ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს [ვიდეო] არის ფეიკი“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოშია.