ახალი ამბები

3 ოქტომბერს დილიდან კოლონებით დავიძრათ, რათა ჩემი შეჩერება ვერ შეძლონ – სააკაშვილი

1 ოქტომბერი, 2021 • 1398
3 ოქტომბერს დილიდან კოლონებით დავიძრათ, რათა ჩემი შეჩერება ვერ შეძლონ – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, 3 ოქტომბერს დილიდან თბილისისკენ კოლონებით დაიძრან.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კოლონები მრავალრიცხოვანი იყოს, რადგან მისი შეჩერება ხელისუფლებამ ვერ შეძლოს.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენზე ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას.

ამიტომ ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია, არც თქვენ“, – წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.


დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე პირველად დაწერა, რომ ის საქართველოშია. ამის შემდეგ კი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლის ფონადაც ბათუმი ჩანს.

რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხს, ამ დრომდე [11:05 საათი] კომენტარს აკეთებენ მხოლოდ შსს-ში. უწყება ამბობს, რომ სააკაშვილს არ გადაუკვეთავს საზღვარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი