ახალი ამბები

ზალკალიანმა ტვიტერზე დაგვბლოკა — “სირცხვილია”

30 სექტემბერი, 2021 • 900
ზალკალიანმა ტვიტერზე დაგვბლოკა — “სირცხვილია”

“სირცხვილია” ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე მოძრაობის ანგარიში დაბლოკა. ცნობა აქტივისტებმა 30 სექტემბერს გაავრცელეს.

“ზალკალიანმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სირცხვილია ტვიტერზე დაბლოკა”, — წერია მოძრაობის ფეისბუქ გვერდზე.

დეტალების დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, საიდანაც პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

მსგავს საკითხზე ქართულ სასამართლოში დავა შედგა 2019 წელს, როცა იუსტიციის სამინისტროს ფეისბუქ გვერდიდან იურისტ გიორგი ნონიაშვილის კომენტარი წაშალეს, თავად ავტორი კი დაბლოკეს.


ამ ქმედების გამო ნონიაშვილმა სამინისტროს უჩივლა. ეს პირველი სასამართლო დავა იყო კომენტარის წაშლის და ადამიანის დაბლოკვის გამო.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.

ნონიაშვილი “ბათუმელებთან” საუბრისას იხსენებს, რომ სარჩელმა თავდაპირველად გაურკვევლობა გამოიწვია და თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ადმინისტრაციული დავა კი არა, კერძო დავა იყო.

“უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსახილველი და არა კერძო დავა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე თქვა, რომ პოტენციურად საქმე გვაქვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან”.

ამ შემთხვევაში სასამართლო დავა შეწყდა, რადგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ გიორგი ნონიაშვილს ფეისბუქზე ბლოკი მოხსნა.

მთავრობის წარმომადგენლების/სამთავრობო უწყებების ოფიციალური გვერდების მიერ მომხმარებელთა დაბლოკვის თემა აქტუალური იყო მიმდინარე წლის ივლისშიც. მაშინ ჟურნალისტმა თელარა გელანტიამ თქვა, რომ ის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდმა დაბლოკა. ასეთივე ინფორმაცია გაახმიანეს მედიის სხვა წარმომადგენლებმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი