ახალი ამბები

კანონიერია თუ არა მოქალაქის დაბლოკვა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს

7 აგვისტო, 2019 • 1911
კანონიერია თუ არა მოქალაქის დაბლოკვა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს

უზენაესმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების პოტენციურ დარღვევად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე მოქალაქის დაბლოკვა და განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას დაუბრუნა. სწორედ ამ კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად კანონიერად დაბლოკეს მოქალაქე სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

საქმე ეხება გიორგი ნონიაშვილს, რომელიც 2019 წლის მარტში იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდიდან დაიბლოკა. ნონიაშვილმა ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში დაწერა, რომ ე.წ. ტროლები კამპანიას აწარმოებდნენ  თამაზ ახობაძის წინააღმდეგ, რომელსაც მაშინ სამინსიტროსთან სასამართლო დავა ჰქონდა, წინააღმდეგ.

როგორც ნონიაშვილი ამბობს, აღნიშნული კომენტარის გამო ფეისბუკ-გვერდის მოდერატორმა დაბლოკა, მან კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2336543609709230&set=a.101771766519770&type=3&theater

თუმცა პრობლემას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოში ვერ გადაწყდა, რა წესით უნდა განხილულიყო დავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგია მიიჩნევდა, რომ საქმე უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

საბოლოოდ, საქმის განსჯადობასთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად თბილისის საქალაქო სასამართლომ უზენაეს სასამართლოს მიმართა.

უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნონიაშვილისთვის “ქმედების განხორციელების, კერძოდ კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მოსარჩლისთვის ე.წ. “ბლოკის“ მოხსნის დავალება“.

უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჯარო დავა, ამ პოზიციას კი რამდენიმე არუგმენტით ამყარებს, მათ შორის იმითაც, რომ იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკი ამ უწყების საჯარო საქმიანობას მართლაც წარმოადგენს. განჩინებაში ვკითხულობთ, რომ იუსტიციის სამინისტრო დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

“მოსარჩელის მითითებების გათვალისწინებით არსებითია ისიც, რომ განსახილველ შემთხვევაში პოტენციურად სახეზეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, – წერია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებულის გათვალისწინებით, “დავა თავისი არსით ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით მოსარჩელისათვის განმტკიცებული უფლების სახელმწიფო ორგანოების მხრიდან შეზღუდვას შეეხება, რაც ზემოხსენებულ სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, დავის საჯარო ხასიათს უსვამს ხაზს“.

განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უზენაესი სასამართლო წერს, რომ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაექვემდებაროს და სწორედ მან უნდა იმსჯელოს, რამდენად კანონიერად დაბლოკა იუსტიციის სამინისტრომ გიორგი ნონიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი