ახალი ამბები

რეგულირების სააგენტომ 40 შემოწმებული ფარმაცევტული საწარმოდან 33-ში დარღვევა იპოვა

30 სექტემბერი, 2021 • 1207
რეგულირების სააგენტომ 40 შემოწმებული ფარმაცევტული საწარმოდან 33-ში დარღვევა იპოვა

ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ თბილისში მოქმედი 40 ფარმაცევტული საწარმო შეამოწმა და 33-ში დარღვევები აღმოაჩინა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, 33-ვე საწარმოში დარღვეული იყო სანებართვო პირობები, 22 შემთხვევაში კი, ფარმაცევტული პროდუქტი წარმოების წესის დარღვევით იყო ნაწარმოები.

„შემოწმების შედეგად აღმოვაჩინეთ სხვადასხვა ტიპის დარღვევები, როგორიცაა სანებართვო პირობების დარღვევა, წარმოების წესის დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას, სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა და კონკრეტულად აღნიშნულ დაწესებულებას 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა“, – ამბობს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე.

რეუგლირების სააგენტოს თქმით, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სანებართვო პირობების დარღვევის 33 ფაქტი, 22 საწარმოში კი წარმოების წესის დარღვევას ჰქონდა ადგილი.

ამასთან, სააგენტოს განცხადებით, შემოწმებისას ასევე გამოვლინდა სამკურნალო საშუალების სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევის 4 ფაქტი, ერთ შემთხვევაში კი საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი იყო მიმოქცევაში.

ამასთან, გამოვლინდა პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის და ვადაგასული სამკურნალო საშუალების რეალიზაციის თითო შემთხვევა. სააგენტოს თქმით, შემოწმებისას ერთ-ერთ საწარმოში ადგილი ჰქონდა ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის დარღვევის ფაქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი