ახალი ამბები

“ოცნება” უარყოფს პოლიტტექნოლოგ მოშე კლუგჰაფტთან თანამშრომლობას

29 სექტემბერი, 2021 • 1024
“ოცნება” უარყოფს პოლიტტექნოლოგ მოშე კლუგჰაფტთან თანამშრომლობას

“ქართულ ოცნებაში” სიცრუეს უწოდებენ “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ისრაელელმა პოლიტტექნოლოგმა მოშე კლუგჰაფტმა მმართველი პარტიისთვის წინასაარჩევნოდ სტრატეგია მოამზადა. პარტიაში უარყოფენ როგორც ხსენებული სტრატეგიის არსებობას, ისე კლუგჰაფტთან თანამშრომლობას.

რას ამბობს “მთავარი არხი”

“მთავარი არხის” თანახმად, მოშე კლუგჰაფტმა, რომელიც “ოცნებასთან” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უკვე თანამშრომლობდა, მმართველი პარტიისთვის 2 ოქტომბრის არჩევნების წინაც მოამზადა “სტრატეგია”.

ტელეკომპანიამ გაავრცელა რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარი ტექსტი, რომელშიც საუბარია “ოპოზიციური სატელევიზიო არხების დისკრედიტაციასა და მათთვის ძირის გამოთხრაზე”, “შუაში მყოფი” პოლიტიკური პარტიების “მაქსიმალურად დაზიანება/განადგურებასა” და ქართველი ამომრჩევლისთვის “არჩევანის შევიწროებაზე”.

ტექსტში გიორგი გახარია “ქართული ოცნების” “საკვანძო მეტოქედ” არის მოხსენიებული და ხაზგასმულია, რომ მის წინააღმდეგ “კარგად დაგეგმილი და ღრმად დახვეწილი სტრატეგიაა საჭირო, რომლის წამყვანი ხაზები უნდა იყო: კორუფცია, ჰომოსექსუალობასთან, ნარკოტიკების მოხმარებასთან, ოჯახისა და სახელმწიფოს მოღალატეობასთან დაკავშირებული ბრალდებები”.

“ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ნარატივი ადვილი შესაქმნელი არ იქნება, მაგრამ ეს ხაზი სხვებს აჯობებს, რადგან ვიზუალურ მტკიცებულებებს არ საჭიროებს”.

როგორ პასუხობს ცნობებს “ოცნება”

“ეს არის კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციისა”, — თქვა საკითხის კომენტირებისას მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა.

მისი სიტყვებით, ამით ასევე შეიძლება სუსის “კრებსების ისტორიის ახსნაც”, როცა “ხდება რაღაც რეალური გამონათქვამების, ფაქტების აწყობა შემდეგ პრეზენტაციებად და ამის ისე წარმოდგენა, თითქოს ეს იყო წინასწარ დაწერილი სცენარი”.

“რა ვნახეთ [მთავარ არხზე]? ეს იყო ცარიელი ტექსტები. არ გვინახავს არაფერი, რაც ამ ტექსტების რეალობას დაადასტურებდა, რომ ესენი მანამდე არსებობდა.

მოხდენილ ფაქტებს რომ აღწერს ვინმე, ტექსტად გადააქცევს და შეეცდება ამის გაყიდვას ისე, თითქოს ეს წინასწარ იყო [დაგეგმილი], რა თქმა უნდა, არასერიოზულია”, — დასძინა მან.

პაპუაშვილმა 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დეზინფორმაციის მონიტორინგისა და კვლევის მიზნით შექმნილ კოალიციას მოუწოდა, დაინტერესდეს ამ საკითხით.

ტელეკომპანიის ეთერში გასული ინფორმაცია უარყო “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მან არ დაადასტურა თანამშრომლობა მმართველ პარტიასა და კლუგჰაფტს შორის:

“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, არანაირი კავშირი არ აქვს პარტია “ქართულ ოცნებას” მოშესთან. არ ჰყავს დაქირავებული. ეგ არის ტყუილი, თქვენი ტყუილები და სიცრუე. ერთადერთხელ როდესაც იყო, როდესაც ჩვენ მასთან ვმუშაობდით, ეს იყო 2017 თუ 2018 წელი, ზუსტად არ მახსოვს”.

ვინ არის მოშე კლუგჰაფტი

“აგრესიული და კრეატიული” – ასე აფასებს უცხოური მედია პოლიტტექნოლოგ მოშე კლუგჰაფტის საქმიანობას, რომელიც საქართველოში ერთხელ უკვე მოიწვიეს 2018 წლის არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად. ის ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც გამოჩნდა.

როგორც კლუგჰაფტის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, პოლიტტექნოლოგის გუნდი თანამშრომლობდა რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში ხმების 46 პროცენტი მოიპოვა და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას არჩევნები 20- პროცენტიანი სხვაობით მოუგო.

კლუგჰაფტი ასევე მუშაობდა ავსტრიის ყოფილ კანცლერთან, კრისტიან კერნთან, და აწარმოებდა კამპანიას ისრაელშიც.

პროვოკაცია, როგორც წარმატების რეცეპტი – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Diepresse, რომელშიც კლუგჰაფტის შესახებაა საუბარი ავსტრიის 2017 წლის არჩევნების კონტექსტში.

პიარტექნოლოგის საქმიანობამ ყურადღება მიიქცია ისრაელშიც: როგორც The Times of Israel წერს, კლუგჰაფტი 2015-2016 წლებში “გამჟღავნების” კამპანიის უკან იდგა, რომლის ფარგლებშიც ისრაელის მემარცხენე აქტივისტებს, ორგანიზაციებს  და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირებს, მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, უცხოეთიდან მართულ ჯაშუშებად აფასებდნენ.

2019 წელს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, უკრაინელმა ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კლუგჰაფტი თანამშრომლობდა იმხანად მოქმედ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთანაც, რომელიც მეორე ვადით არჩევისთვის იბრძოდა. როგორც პოროშენკოს, ისე პოლიტტექნოლოგის წარმომადგენლებმა ეს ცნობები უარყვეს.

ფოტო გარეკანზე: Naama Stern

მასალების გადაბეჭდვის წესი