ახალი ამბები

იდეალური იქნება, თუ ენმ და ლელო პარლამენტიდან გავლენ, გზა დამილოცია – ღარიბაშვილი

29 სექტემბერი, 2021 • 1919
იდეალური იქნება, თუ ენმ და ლელო პარლამენტიდან გავლენ, გზა დამილოცია – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის იდეალური იქნება, თუ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს დატოვებს. ასე უპასუხა მან “იმედის” ეთერში კითხვას, უღირს თუ არა ქვეყანას ისევ რყევები, თუ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავენ.

ღარიბაშვილის თქმით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” და “ლელო” პარლამენტიდან გავა, ქვეყანა დამშვიდდება და არავითარი რყევა არ მოხდება.

“გავიდნენ პარლამენტიდან, ძალიან კარგი იქნება. იდეალური იქნება, თუ პარლამენტიდან გავლენ. სცენარი რომ წარმოვიდგინოთ,  „ნაცმოძრაობა“ გადის თავის დანაყოფებით, ხაზარაძე და ა.შ. თუმცა იქ რჩებიან  სხვა პარტიები, რომლებიც ძალიან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებენ და, ვფიქრობ, მზარდი პარტიები არიან და პოტენციალი აქვთ, რომ ძლიერ, ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ. როგორც კი ყველა ეს დესტრუქციული ძალა გავა პარლამენტიდან, სამი თვის განმავლობაში მათი სრული მარგინალიზება მოხდება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ. პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დამშვიდდება და გარწმუნებთ, რომ არავითარი რყევა არ მოხდება ქვეყანაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობას ენმ და “ლელო” განიხილავენ.

“მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება. 1% იყო ზღვარი, 9 პარტიამ გადალახა. შესაბამისად, ამ ლიდერებმა,  ყველამ პატივი უნდა სცენ საკუთარი ამომრჩევლის ნებას. თუ  ამის შემდეგ ეს ადამიანები დატოვებენ პარლამენტს, ეს არის მათი პასუხისმგებლობა. დადასტურებულად ვიცი, რომ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია და მე გზა დამილოცია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს. პარლამენტიც დამშვიდდება და აღარ ვიქნებით მომსწრენი მუდმივი საბოტაჟის და დესტრუქციის. რა უნდა ნიკა მელიას პარლამენტში? კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რა უნდა ამ ადამიანს არათუ პარლამენტში, არამედ თბილისის მერად?” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი