ახალი ამბები

EECMD: პარტიებმა წარმოადგინეს პროგრამა-სადღეგრძელოები

28 სექტემბერი, 2021 • 865
EECMD: პარტიებმა წარმოადგინეს პროგრამა-სადღეგრძელოები

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) www.partiebi.ge-ს პლატფორმის ფარგლებში თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების პროგრამების ონლაინ პლატფორმაზე განთავსების მიზნით EECMD-მა პარტიებს მიმართა, მიაწოდონ შევსებული კითხვარი და თბილისის მერობის კანდიდატის მოკლე ბიოგრაფია 25 აგვისტოს ჩათვლით, თუმცა შესაბამისი ინფორმაციის მიღება და ვებგვერდის განახლება მხოლოდ ხუთი კანდიდატის — ანა ბიბილაშვილი, გიორგი გახარია, კახა კალაძე, თამარ კეკენაძე, ნიკა მელია — ხედვებით დღეს, 28 სექტემბერს მოხერხდა. ამასთან, EECMD-ის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” მათ კითხვებზე პასუხები არ მიაწოდა და თავად შეძლეს, 29 კითხვიდან 17-ზე პასუხი საარჩევნო ბროშურიდან და პროგრამებიდან ამოწერილი პასუხებით გაეცათ.

თბილისის მერობის კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ, 250 სიტყვით გაეცათ პასუხი EECMD-ის კითხვებისთვის, თუმცა საშუალოდ მხოლოდ 67 სიტყვა გამოიყენეს. ამასთან, სხვადასხვა კითხვებზე პასუხები მეორდებოდა.

“მესმის, რომ 250 სიტყვაში სრულად გაწერილი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა შეუძლებელია, მაგრამ როცა 250 სიტყვის ნაცვლად იყენებ საშუალოდ 67-ს, ეს უკვე მიუთითებს, რომ ბევრი არაფერი გაქვს სათქმელი. ასეთ პროგრამებს სევდიანი ირონიით ვეძახით ხოლმე სადღეგრძელოებს. ეს არის პროგრამა-სადღეგრძელოები და ეს არ ეხება მარტო “ქართულ ოცნებას”. ეხება ხუთივე პროგრამას, რომელიც წარმოდგენილია”, — ამბობს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების შეფასებისას.

მისი თქმით, მთლიანობაში მერობის კანდიდატების პასუხებში საერთოდ არ იგრძნობა საბიუჯეტო წნეხი.

“ეს პარტიები ყველა მიმართულებით აპირებენ სოციალური პროგრამების გავრცობას, უსახლკაროების დაკმაყოფილებას, გზების მოწესრიგებას, თბილისის ჰაბად გადაქცევას, იქნება ეს ინფორმაციული ჰაბი, ბიზნესჰაბი თუ მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო პროექტების ცენტრი, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ არის ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ გვიწევს, რომ ერთი ალტერნატივის განხორციელების დროს მეორეზე უარი ვთქვათ. ასეთი რამ აქ არ ჩანს, აქ ჩანს კეთილი სურვილი, მაგრამ ისე, რომ საერთოდ არ იგრძნობა, რომ ამისთვის საჭიროა გარკვეული ხარჯების გაღება. ეს ხარჯები, ამ პროგრამებს თუ გადავხედავთ, არის უსაზღვრო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის გაღება თავისუფლად შეგვიძლია და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ არსებობს”, — აცხადებს კვაშილავა.

ოპოზიციური პარტიების გაცემულ პასუხებთან დაკავშირებით კვაშილავამ თქვა, რომ მათ გამოიყენეს ოთხჯერ ნაკლები სივრცე, რათა დაესაბუთებინათ საკუთარი ხედვები.

“პასუხების გაცემის დროს თითქმის არასდროს მათ არ აქვთ კონკრეტულად გაკრიტიკებული მთავრობის პოლიტიკა. მაგალითად, არ უწერიათ, რომ სატრანსპორტო მიმართულებით უნდა ყოფილიყო ამდენი ახალი ავტობუსი, ასეთი სტანდარტით და ეს არ მოხდა. პასუხები კონკრეტიკისგან აბსოლუტურად თავისუფალია და ძირითადად გვაქვვს კეთილი სურვილები, რომ თბილისი ისტორიულად იყო კავკასიის ცენტრი, ჩვენ უნდა გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი, გავხდეთ ჰაბი, გავათავისუფლთ მერია კორუფციისგან და ა.შ. ანუ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება მოერგოს არა მარტო თბილისს, არამედ ხაშურს, სტამბოლს, ანკარას… კონკრეტიკა, რომელიც თბილისთან არის დაკავშირეული, არ ჩანს”, — განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

EECMD ნიდერლანდების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ვებგვერდზე www.partiebi.ge 2012 წლიდან აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პლატფორმა ტექნიკურად საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა მისთვის საინტერესო საკითხებზე საარჩევნო სუბიექტების ხედვები ერთმანეთს შეადაროს.

ამ თემაზე:

კანდიდატების უმრავლესობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც არ გამოუქვეყნებიათ პროგრამები

მასალების გადაბეჭდვის წესი