ახალი ამბები

“დაელოდეთ გამოძიებას, ნუ ხართ სულსწრაფები” – გომელაური სუს-ის სავარაუდო ფაილებზე

27 სექტემბერი, 2021 • 808
“დაელოდეთ გამოძიებას, ნუ ხართ სულსწრაფები” – გომელაური სუს-ის სავარაუდო ფაილებზე

“გამოძიება დაწყებულია დაელოდეთ. ნუ ხართ სულსწრაფები, გაიგებთ ყველაფერს. რის პასუხისმგებლობას, დავაშავეთ რამე?”, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენების შესახებ.

ჟურნალისტის კომენატრი, რომ ყველას უსმენენ, გომელაურმა ინტერპრეტაციად შეაფასა, რაზეც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ სუს-ის ფაილებში მოხსენიებული პირების ნაწილმა დაადასტურა ფაილებში არსებული ფაქტები, გომელაურმა კი შეკითხვითვე უპასუხა – “უკანონო იყო?”.

ჟურნალისტმა ასევე კითხვა დაუსვა დიპლომატების სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებითაც, იყო თუ არა უკანონო მათი მოსმენა, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა ისევ შეკითხვითვე უპასუხა – “უკანონო იყო? დაელოდეთ, ნუ ხართ სულსწრაფები”.


მიმდინარე წლის სექტემბერში ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს.

ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. მმართველი პარტიაში ფარული ჩანაწერების შინაარს “ტყუილ-მართალს” უწოდებენ, რომლის ტირაჟირებაშიც თავდაპირველად ენმ-ს ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე გადაიტანეს აქცენტი.

პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი