ახალი ამბები

“ოცნებაში” არ მოსწონთ ჰარცელის განცხადება მელია-კობახიძის ინციდენტზე

25 სექტემბერი, 2021 • 1639
“ოცნებაში” არ მოსწონთ ჰარცელის განცხადება მელია-კობახიძის ინციდენტზე

“ქართული ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის დაპირისპირებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გამოხმაურება სხვაგვარი უნდა ყოფილიყო. მმართველი პარტიის აზრით, ელჩმა ინციდენტი სათანადოდ არ შეაფასა.

“ასეთი განცხადებები შეიძლება გახდეს ერთგვარი მწვანე შუქი ნიკანორ მელიასთვის, იმისათვის, რომ მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები.

კონკრეტულად, ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო. მან შეურაცხყოფა მიაყენა, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ოფისსაც, იმიტომ, რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში.

როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს მთავარი ოპოზიციური პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა, ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ”, — უთხრა ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე.

მის პოზიციას იზიარებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძეც. ის “არაობიექტურს” უწოდებს ჰარცელის გამოხმაურებას.

“არ ვიცი, რამდენ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს ობიექტური განცხადებაა. ვინც არ უნდა იყოს განცხადების ავტორი, ჩვენი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუნდაც კონკრეტული ადამიანის მიმართ, განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართ, მის წარმომადგენელზეა საუბარი, განცხადება უნდა იყოს ობიექტური და თუ ეს ობიექტური არ იქნება, ჩვენ ამას აუცილებლად აღვნიშნავთ.

ამ შემთხვევაში მისი ეს განცხადება იყო არაობიექტური, იმიტომ, რომ მას გამორჩა ეთქვა მთავარი: რომ ეს იყო მძიმე პროვოკაცია ერთი პარტიის ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარის მხრიდან, მეორე — მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიმართ”, — დასძენს ის “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მდინარაძის სიტყვებით, “როდესაც ეს გამოგრჩება, ბრჭყალებში ან მის გარეშე, ასეთი განცხადება იმ მოვლენების აღსანიშნავად, არ არის ობიექტური”.

“ამის იქით, ამ შემთხვევაში, არ წავალ. ყველა ვარიანტში, ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მაინც და მაინც ვუპირისპირდებით ამ ადამიანს, არავითარ შემთხვევაში, ობიექტურობაა პირველი”, — დაამატა მან.

ასეთივე მოსაზრება აქვს “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, შალვა პაპუაშვილს. მას მიაჩნია, რომ ელჩმა “პროვოკაცია არ დაგმო”:

“ასეთი პროვოკაციები უნდა დაიგმოს იმისთვის, რომ არ წახალისდეს პროვოკაციები… სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია.

მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და “ნაციონალური მოძრაობა” ამ განცხადებას არ გაიგებს, როგორც წახალისებას მათი პროვოკაციების. რაც შეეხება ზოგადად უსაფრთხოებას, ამ კუთხით ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო”.

რა თქვა ჰარცელმა?

მელია-კობახიძის დაპირისპირებას კარლ ჰარცელი მეორე დღეს, 24 სექტემბერს გამოეხმაურა.მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა.

თუმცა, მისივე განცხადებით, მიესალმება იმას, რომ ერთ – ერთმა მათგანმა (ირაკლი კობახიძე) საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.

ნება მომეცით გავიმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება”, — აღნიშნა მან.

ჰარცელის თქმით, ამომრჩევლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში მისცემ ხმა; ამ უფლებით უზრუნველყოფაში კი მთავრობასა და პარტიებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

რა მოხდა 23 სექტემბერს?

ზემოხსენებული ინციდენტი თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა. მელიამ და კობახიძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაიწიეს.

კობახიძე, ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც ადგილზე ნიკა მელია მივიდა – ისიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შესახვედრად.

ჟურნალისტებთან რამდენიმე წამის განმავლობაში საუბრის შემდეგ, მელია კობახიძესთან მივიდა, „ბიძინა ივანიშვილის მონა“ და „ქვეშა*ვია“ უწოდა;

მელია კობახიძეს აკრიტიკებდა დმანისში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც ერთი პირი დაიჭრა.

პასუხად ირაკლი კობახიძემ მელიას აგინა, „ნაბი*ვარი“, „ხულიგანი“, და „უინტელექტო ნაძირალა“ უწოდა.

დაპირისპირების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ჯერ „ქართული ოცნების“, შემდეგ კი ენმ-ის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ დაიშალნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი