„თანაინვესტირების ფონდის“ რამდენიმე ბიზნეს-აქტივის მფლობელი შეიცვალა.
ეს კომპანიები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა საქართველოში.
აქამდე ივანიშვილის ოჯახი კომპანიებს კაიმანის კუნძულებსა და ლუქსემბურგში რეგისტრირებული ფირმების გავლით ფლობდა, თუმცა ახლა ამ სტრუქტურას ცვლის და ყველაფერი საქართველოში შემოაქვს.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად კორუფციის მკვლევარმა, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.
იგი ამ ამბავს “ოფშორებიდან გაქცევას” უწოდებს.
24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა შემდეგი კომპანიები:
- მტკვარი ჰოლდინგი;
- გალერია ჰოლდინგი – ფლობს „გალერია თბილისს“;
- აქსის თაუერს ჰოლდინგი – ფლობს „აქსის თაუერსს“;
- გრინჰაუზ ჰოლდინგი – სასათბურე მეურნეობები, ოპერირებს ორი შვილობილი კომპანიის მეშვეობით: სს “საქართველოს სათბურის კორპორაცია” და შპს “ქართული აგრო სახლი”.
- რიზორთ ჰოლდინგი;
- ლენტეხი ჰოლდინგი;
- ემვი ჰოლდინგი;
- აგრო ჰოლდინგი.
„[აქამდე] ამ კომპანიების საბოლოო დედა კომპანია კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული GCF LP იყო. კაიმანის კუნძულები ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშაა და გასაგებია, რისი შიშიც აქვს ივანიშვილს“, – წერს ირაკლი აბესაძე.
“ამ ტრანზაქციების დროსაც დიდი ალბათობით ივანიშვილის ოჯახი ისარგებლებდა ფაქტობრივად მხოლოდ მათთვის საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ქონების გადმოტანა გადასახადებისგან საქართველოში თავისუფლდება“, – წერს ირაკლი აბესაძე.
„თქვენ უნდა შეგითანხმოთ, რა გააკეთა ქალბატონმა ეკამ?! რა თქვენი საქმეა“
2024 წელს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ივანიშვილის სანქცირება მოითხოვეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაშიც.
