ახალი ამბები

ჩვენი კანდიდატის ავტომანქანის დაცხრილვაზე პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება — მეზვრიშვილი

25 სექტემბერი, 2021 • 1332
ჩვენი კანდიდატის ავტომანქანის დაცხრილვაზე პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება — მეზვრიშვილი

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ცაგერში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს. საუბარია ავტომანქანის დაცხრილვაზე, რომელიც ეკუთვნის ამავე ქალაქის მერობის კანდიდატს გახარიას პარტიიდან.

მეზვრიშვილმა ბრიფინგი 25 სექტემბერს, 12:00 საათზე გამართა და თქვა, რომ მმართველი პარტიის ლიდერები სიძულვილის ენას ახალისებენ.

“პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება “ოცნების” ხელმძღვანელობას: კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას.

პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება, ბუნებრივია, შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს და გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, არ გაინძრნენ. თვეებია, ეს ადამიანები თითქოს ვერ ხედავენ დანაშაულს”, — დასძინა მან.

ნათია მეზვრიშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატებზე “მუქარა და ზეწოლა” მიმდინარეობს, მხარდამჭერებს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან, პარტიის სააგიტაციო მასალას კი ანადგურებენ.

“სამწუხაროდ, “ოცნების” ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე და ახლა უკვე, ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე. არავინ იცის, არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს”, — აღნიშნავს ის.

რა მოხდა ცაგერში?

ბესარიონ ბენდელიანი, რომელიც ცაგერის მერობის კანდიდატია პარტიიდან “საქართველოსთვის”, აცხადებს, რომ მისი ავტომობილი დაცხრილეს. მისივე თქმით, ადგილზე უკვე მივიდა პოლიცია.

ბენდელიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ავტომობილი წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, ცაგერში, საკუთარი სახლის წინ გააჩერა, 25 სექტემბრის დილით კი აღმოაჩინა, რომ “მანქანა არის დაცხრილული”.

“რამდენიმე ტყვიაა ნასროლი”, — აღნიშნავს მერობის კანდიდატი.

ბესარიონ ბენდელიანი აღნიშნულ ინციდენტს თვითმმართველობის არჩევნებს და დაშინების მცდელობას უკავშირებს.

“ერთადერთი, რასაც ვუკავშირებ, არის არჩევნები, რომელიც სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს ამ მავნებელ “ქართულ ოცნებას”.

მე საკმაოდ მყარი პოზიციები მაქვს რაიონში. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის 70-80% დადებითად არის განწყობილი [ჩემ მიმართ] და ნეგატიურად — ამ მავნებელი “ოცნების” წინააღმდეგ.

მე არ შემიძლია, კონკრეტულად ვისაუბრო ვინმეზე. ერთი რაც არის, რომ ესენი არიან შეშინებულები. დიდი ალბათობით, ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია ერთი მიზნით, რომ ან შევშინდე, ან შევწყვიტო საარჩევნო კამპანია, რაც გამორიცხულია”, — დასძინა მან.

“ნეტგაზეთს” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა – ვოლსკი ცაგერის ინციდენტზე

საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა – ვოლსკი ცაგერის ინციდენტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი