ახალი ამბები

საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა – ვოლსკი ცაგერის ინციდენტზე

25 სექტემბერი, 2021 • 1507
საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა – ვოლსკი ცაგერის ინციდენტზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და “ქართული ოცნების” წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, “ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაიჯერებს, რომ ცაგერში მომხდარი თავდასხმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს”.

ასე გამოეხმაურა ვოლსკი ავტომანქანის დაცხრილვას, რომელიც ეკუთვნის ამავე ქალაქის მერობის კანდიდატს გიორგი გახარიას პარტიიდან.

“საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა!

ერთი რომ ქვეყანაში არსებული გარემო, ქართული საზოგადოება ველურად წარმოადგინოს – საერთაშორისო ტრიბუნიდან პრემიერი მაღალ რეიტინგებზე და დემოკრატიაზე საუბრობს, აქ კი ისვრიან!

და მეორე, პროგრამა მაქსიმუმი – იქნებ მმართველი პარტიისაკენ გამოიშვიროს ვინმემ ხელი”, — აღნიშნავს ვოლსკი.

რა მოხდა ცაგერში?

ბესარიონ ბენდელიანი, რომელიც ცაგერის მერობის კანდიდატია პარტიიდან “საქართველოსთვის”, აცხადებს, რომ მისი ავტომობილი დაცხრილეს.

ბენდელიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ავტომობილი წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, ცაგერში, საკუთარი სახლის წინ გააჩერა, 25 სექტემბრის დილით კი აღმოაჩინა, რომ “მანქანა არის დაცხრილული”.

ბესარიონ ბენდელიანი აღნიშნულ ინციდენტს თვითმმართველობის არჩევნებს და დაშინების მცდელობას უკავშირებს.

“ერთადერთი, რასაც ვუკავშირებ, არის არჩევნები, რომელიც სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს ამ მავნებელ “ქართულ ოცნებას”.

მე საკმაოდ მყარი პოზიციები მაქვს რაიონში. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის 70-80% დადებითად არის განწყობილი [ჩემ მიმართ] და ნეგატიურად — ამ მავნებელი “ოცნების” წინააღმდეგ.

მე არ შემიძლია, კონკრეტულად ვისაუბრო ვინმეზე. ერთი რაც არის, რომ ესენი არიან შეშინებულები. დიდი ალბათობით, ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია ერთი მიზნით, რომ ან შევშინდე, ან შევწყვიტო საარჩევნო კამპანია, რაც გამორიცხულია”, — დასძინა მან.

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ცაგერში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს. მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერები სიძულვილის ენას ახალისებენ.

ინციდენტს შსს იძიებს სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ჩემი მანქანა დაცხრილეს — ცაგერის მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი