ახალი ამბები

“ეს ფაქტის კონსტატაციაა და არა დაბრალება” — კობახიძე გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე

22 სექტემბერი, 2021 • 1131
“ეს ფაქტის კონსტატაციაა და არა დაბრალება” — კობახიძე გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადების შემდეგ, “ქართული ოცნების” დეპუტატები ირწმუნებოდნენ, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ ნარკოტიკების მოხმარებაზე მტკიცებითში არაფერი უთქვამთ და მხოლოდ კითხვებს სვამდნენ. მათი მტკიცებით, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესაც არ უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკოტიკებს მოიხმარს.

თუმცა თავად ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ექს-პრემიერს პრობლემა აქვს ნარკოდამოკიდებულების თვალსაზრისით და ეს არის ფაქტის კონსტანტაცია და არა — დაბრალება.

“ეს არის ინფორმაცია, რომელიც აქვს მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, მის ხელმძღვანელობას. ჩვენ დეტალებში გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები აქვს კონკრეტულად გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულების კუთხით. ჩამოყალიბება სჭირდება მას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით… ჩვენ არავის არაფერს არ ვაბრალებთ. დაბრალება ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ არსებობს ბუნებაში. სინამდვილეში, რაც არსებობს ,იმას ვამბობთ, ეს ფაქტის კონსტატაციაა და არა დაბრალება”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე “ქართული ოცნების” წევრებმა თქვეს, რომ გიორგი გახარიამ თავად გააჩინა კითხვები ნარკოტიკებთან დაკავშირებით და მისთვის არაფერი დაუბრალებიათ.

ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს შეახსენეს ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ გახარია ნარკოტიკებს მოიხმარდა, რაზეც სარჯველაძემ უპასუხა, რომ “არ უთქვამს ეს”.

“ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება გახარიას მიერ ნარკოტიკების მოხმარებაში “მტკიცებით ფორმაში” არ გაკეთებულა.


მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს კანონმდებლობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლას არ ავალდებულებს, დედაქალაქის ამჟამინდელმა მერმა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას გეგმავდა და მერობის სხვა კანდიდატებსაც იგივესკენ მოუწოდა.

თავდაპირველად კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება და მოწოდება მხოლოდ  ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურებოდა, თუმცა მოგვიანებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფოკუსი დაავიწროვეს და ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასკენ მიმართეს.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა, გური მენაბდიშვილმა განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულისთვის (თუმცა არა მერობის კანდიდატებისთვის) კანონმდებლობით საჭიროა ხუთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ტესტირება, თუმცა კახა კალაძემ დამატებით კიდევ სამ ნარკოტიკულ საშუალებაზე, მათ შორის, კოკაინზე ტესტირება მოითხოვა.

“კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს”, – ამ კონტექსტში ახსენა გახარიამ კოკაინი.

16 სექტემბერს კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემაში“ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია და მას “კოკაინშიკი” უწოდა.

“ჯობია სხვა თემებზე ვისაუბროთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც “კოკაინშიკზე” დავხარჯოთ 15 წუთი”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გახარიას ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემა თანამდებობის დატოვების შემდეგ შეექმნა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების პასუხი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სისხლისა და შარდის ანალიზის შედეგად, ამ ორ ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკი.

აღნიშნულზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარაიამ ნარკოტესტი “ევროპაში იმ ერთადერთ კლინიკაში გაიკეთა, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება და რომლის მთავარი ექიმი გადადგა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი იუშენკოს კვლევის გაყალბებას სთხოვდა.

“ბანკებით სირბილს ურჩევნია მას, რომ შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის”, — თქვა კობახიძემ გახარიასთან დაკავშირებით.

ამ თემაზე:

“ოცნება” ტყუის, რომ კობახიძეს გახარიასთვის ნარკომოხმარება არ დაუბრალებია

მასალების გადაბეჭდვის წესი