ახალი ამბები

“ოცნება” ტყუის, რომ კობახიძეს გახარიასთვის ნარკომოხმარება არ დაუბრალებია

22 სექტემბერი, 2021 • 2623
“ოცნება” ტყუის, რომ კობახიძეს გახარიასთვის ნარკომოხმარება არ დაუბრალებია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების შემდეგ, “ქართული ოცნების” დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთვის ნარკოტიკებს მოიხმარება არ დაუბრალებიათ.

მათი თქმით, გახარიამ თავად გააჩინა კითხვები ნარკოტიკების შესაძლო მოხმარებასთან დაკავშირებით.

“ნარკოტესტთან დაკავშირებულ ინციდენტს რაც შეეხება, თავდაპირველად, როდესაც ინიციატივის თაობაზე ითქვა,  დანიშნულება იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ყოველგვარი გამიზვნის გარეშე, რომ ვინმეს მიმართ აქტივობა ყოფილიყო.

თუმცა შემდეგ გარკვეულმა პირებმა ეს საკუთარ თავზე მიიღეს, როგორც ადრესატებმა და საკუთარი ქცევით გააჩინეს განსხვავებული შთაბეჭდილებები. ეს არის მოცემულობა და სწორად ასეთი იყო კომენტრები, შეფასებები, რომელიც პირველივე დღიდან ამ საკითხის ირგვლივ გაკეთდა.

ამიტომ, რამე განსხვავებული არ თქმულა და სწორედ ეს ითქვა, ალბათ, ბატონი კახა კალაძის მხრიდან”, — განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ რეპლიკაზე, რომ ირაკლი კობახიძემ თქვა, გახარია ნარკოტიკებს გამოიყენებდა, სარჯველაძემ უპასუხა: “არ უთქვამს ეს. მე გითხარით პასუხი და ეს არის პასუხი”.

ჟურნალისტებმა “ქართული ოცნების” წევრ შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს, ვინ ტყუოდა — კახა კალაძე თუ ირაკლი კობახიძე.

“სამწუხაროდ, თავად გიორგი გახარიამ საკუთარი ქცევით გააჩინა კითხვის ნიშანი. ეს არის  ყველაზე ცუდი ამ მთლიან ვითარებაში… მტკიებით ფორმაში რთულია რამის თქმა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა მისი ქცევა.

მე მტკიცებით ფორმაში არაფრის თქმა არ შემიძლია და არც არავის მტკიცებით ფორმაში არაფერი უთქვამს, სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ საკუთარი უცნაური ქცევით და იმით, რომ დისკრედიტირებას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების, გააჩინა კითხვები”, — თქვა პაპუაშვილმა.

ხოლო კითხვაზე – “მტკიცებით ფორმაში არ იყო ირაკლი კოაბახიძის განცხადება?” — უპასუხა, რომ არა.

რაც შეეხება “კოკაინშიკად” [კოკაინის მომხმარებლად] მოხსენიებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ “ეს სუბსტანცია გიორგი გახარიამ თავად ახსენა და ეს არის უცნაურობა მის ქცევაში”.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს კანონმდებლობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლას არ ავალდებულებს, დედაქალაქის ამჟამინდელმა მერმა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას გეგმავდა და მერობის სხვა კანდიდატებსაც იგივესკენ მოუწოდა.

თავდაპირველად კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება და მოწოდება მხოლოდ  ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურებოდა, თუმცა მოგვიანებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფოკუსი დაავიწროვეს და ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასკენ მიმართეს.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა, გური მენაბდიშვილმა განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულისთვის (თუმცა არა მერობის კანდიდატებისთვის) კანონმდებლობით საჭიროა ხუთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ტესტირება, თუმცა კახა კალაძემ დამატებით კიდევ სამ ნარკოტიკულ საშუალებაზე, მათ შორის, კოკაინზე ტესტირება მოითხოვა.

“კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს”, – ამ კონტექსტში ახსენა გახარიამ კოკაინი.

16 სექტემბერს კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემაში“ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია და მას “კოკაინშიკი” უწოდა.

“ჯობია სხვა თემებზე ვისაუბროთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც “კოკაინშიკზე” დავხარჯოთ 15 წუთი”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გახარიას ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემა თანამდებობის დატოვების შემდეგ შეექმნა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების პასუხი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სისხლისა და შარდის ანალიზის შედეგად, ამ ორ ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკი.

აღნიშნულზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარაიამ ნარკოტესტი “ევროპაში იმ ერთადერთ კლინიკაში გაიკეთა, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება და რომლის მთავარი ექიმი გადადგა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი იუშენკოს კვლევის გაყალბებას სთხოვდა.

“ბანკებით სირბილს ურჩევნია მას, რომ შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის”, — თქვა კობახიძემ გახარიასთან დაკავშირებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი