ახალი ამბები

“მემგონი არავის დაუბრალებია და უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია” – კალაძე გახარიას

21 სექტემბერი, 2021 • 3841
“მემგონი არავის დაუბრალებია და უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია” – კალაძე გახარიას

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე გიორგი გახარიას კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია.

აღნიშნულ საკითხზე გიორგი გახარიამ კალაძეს კითხვა მას შემდეგ დაუსვა, რაც გუშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ კოკაინის მოხმარება “ოცნების” დატოვების შემდეგ დაიწყო:

“დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ ამას თუ არა” – ჰკითხა გიორგი გახარიამ კახა კალაძეს, რაზეც თბილისის მოქმედმა მერმა უპასუხა, რომ გახარიას გადაწყვეტილება პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ მას არ მოეწონა, ხოლო რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულებას, კალაძემ თქვა, რომ ეს “არავის დაუბრალებია”:

“ნარკომანობასთან დაკავშირებით მემგონი არავის არ დაუბრალებია და არავის არ უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება გიორგი შენს საქციელს, მე პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე.

არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად თავშეკავებული, როცა კითხვა ისმის გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში ვარ კაცი და შემდეგ პოლიტიკოსი შესაბამისად ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს ვანიჭებ. არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა, თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ” – თქვა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადება პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც „ოცნების“ წევრები ირწმუნებოდნენ, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ კახა კალაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას გეგმავდა და მერობის სხვა კანდიდატებსაც იწვევდა იმავეს გაკეთებისკენ.

თავდაპირველად კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება და მოწოდება მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურებოდა, თუმცა მოგვიანებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფოკუსი დაავიწროვეს და ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასკენ მიმართეს.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

ზრუნვა დასჯის ნაცვლად – რატომ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი