ახალი ამბები

კობახიძის მტკიცებით, გახარიამ კოკაინის მოხმარება ოცნების დატოვების შემდეგ დაიწყო

20 სექტემბერი, 2021 • 4264
კობახიძის მტკიცებით, გახარიამ კოკაინის მოხმარება ოცნების დატოვების შემდეგ დაიწყო

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია და აცხადებს, რომ მან კოკაინის მოხმარება პარტიიდან წასვლის შემდეგ დაიწყო.

ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძე ამბობს, რომ „არათუ არ შეგვიმჩნევია, ეს პრობლემა მას არ ჰქონია მაშინ“ და ნარკოდამოკიდებულება დაიწყო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია, კობახიძის თქმით „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირდა.

„როდესაც თავისი საქმიანობითა და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა,“ – ამბობს კობახიძე და ამატებს, რომ გახარიას, ნარკოტიკული საშუალებები მიუტანეს.

„როდესაც ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის შემდეგ სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს,“ – დასძენს ის.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ კახა კალაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას გეგმავდა და მერობის სხვა კანდიდატებსაც იწვევდა იმავეს გაკეთებისკენ.

თავდაპირველად კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება და მოწოდება მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურებოდა, თუმცა მოგვიანებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფოკუსი დაავიწროვეს და ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასკენ მიმართეს.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

“ნარკომანი; კოკაინშიკი” – ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია თუ სტიგმის გაძლიერება

მასალების გადაბეჭდვის წესი