ახალი ამბები

შეიძლება, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო — კუჭავა მოსმენებზე

21 სექტემბერი, 2021 • 850
შეიძლება, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო — კუჭავა მოსმენებზე

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ სავარაუდოდ სუს-ის გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში შესაძლოა, საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს მან დღეს, 21 სექტემბერს, განაცხადა.

რაც შეეხება გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვას, კუჭავა ამბობს, რომ ეს სხდომა არჩევნების შემდეგ აუცილებლად ჩატარდება.

“ეს ის საკითხია, რომელზეც საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს საკითხი არ შეიძლება ასე უბრალოდ იქნას დახურული ან პოლიტიკურად გატარებული, თუნდაც ბევრი წინასაარჩევნოდ იყენებს.

ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მეორე საკითხია, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა. ეს სხდომა აუცილებლად ჩატარდება როგორც კი არჩევნები დასრულდება. თვითონ ოპოზიციაც ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს. ეს მიუთითებს იმას, რომ ყველა ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში”, – განაცხადა კუჭავამ.

სავარუდოდ სუს-ის გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე სხდომის მოწვევას სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს.

რიგგარეშე სხდომის მოწვევას კი დეპუტატთა 1/4-ს თანხმობა სჭირდება. რიგგარეშე სხდომის მოწვევას მხარს არ უჭერს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია აქვს.


ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს. ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. მმართველი პარტიაში ფარული ჩანაწერების შინაარს “ტყუილ-მართალს” უწოდებენ, რომლის ტირაჟირებაშიც თავდაპირველად ენმ-ს ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე გადაიტანეს აქცენტი.

პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი