ახალი ამბები

ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის — კალიურანდი

17 სექტემბერი, 2021 • 1286
ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის — კალიურანდი

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა  ფაილებზე, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელმა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სპეკულაციებში შესვლა არ სურს. თუმცა ევროპარლამენტარი ხაზგასმით დასძენს, რომ ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის.

“მე არ მინდა სპეკულაციაში შევიდე ამ ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა ნათლად განვაცხადო: ჯაშუშობა და მოსმენა – ეს იქნება დიპლომატების, ოპოზიციის, ეს იქნება სამღვდელოების, მმართველი პარტიის – ეს არ არის დემოკრატიული.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების შესაბამისი შტო საქართველოში ძალიან ყურადღებით გააანალიზებს ამ შემთხვევას, მონახავს იმ ადამიანებს, ვინც ჯაშუშობდა და შესაბამისი ზომები იქნება განხორციელებული. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის”, – განაცხადა კალიურანდმა. თარგმანს “ტვ ფორმულა” ავრცელებს.

ასეულობით ფაილი და სახელმწიფოს რეაქცია

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი.

ჩანაწერების ავთენტურობა, მათი გავრცელების შემდეგ, არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და სასულიერო პირმა დაადასტურა. მათ ამ მასალებში თავიანთი საუბრები ამოიცნეს.  მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც. ეკლესიას კი ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები უცხო ქვეყნების საელჩოებიც არიან. ფაილებში შენახულია ჩანაწერები, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. რაც შეეხება“ქართული ოცნებას”: მმართველი პარტიის რიტორიკა ბოლო 2 დღეში შეიცვალა.

თავდაპირველად, მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ცალსახად ადანაშაულებდნენ ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას”.

თუმცა ორი დღის განმავლობაში მის რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი ოცნებაში “ტყუილ-მართალს” უწოდებენ.

თავად პარტია “საქართველოსთვის”, რომელიც გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ დააფუძნა, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში  სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ელჩები და მათი თანამშრომლები მიყურადების ქვეშ: რას ვიგებთ ჩანაწერებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი