ახალი ამბები

მე რომ მისმენდნენ, ვიცოდი — ეპისკოპოსი იაკობი

16 სექტემბერი, 2021 • 1426
მე რომ მისმენდნენ, ვიცოდი — ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის თქმით, აქამდეც იცოდა, რომ უსმენდნენ. აღნიშნულის შესახებ მან “ტვ იმედის” ეთერში, მიმდინარე დღეებში გავრცელებული ფაილების საკითხის კომენტირებისას ისაუბრა.

სასულიერო პირმა ფარული მოსმენების ორგანიზებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაადანაშაულა.

“პირადად მე რომ მისმენდნენ, ვიცოდი. რამოდენიმეჯერ გავაფრთხილე მაგ იმაზე შესაბამისი უწყებები.

ვიცოდი, რა მელაპარაკა და არ არ მელაპარაკა თუნდაც ჟურნალისტებთან, იმიტომ, რომ ჩემთვის საინტერესო იყო, გახარია პირდაპირ მომისმენდა თუ იმ ტელევიზიის დირექტორი მიიტანდა რამეს თუ უშუალოდ ჟურნალისტი.

მაგას ვაკონტროლებდი მთლიანად, იმასთანაც და იმასთანაც”, — დასძინა მან, დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

მისივე განცხადებით, “როდესაც ამდენ ფაილს აკეთებენ, იქ შეიძლება, რაღაც ნაწილი ჭეშმარიტებას შეიცავდეს და ამას ოპერატიული მუშაკები ადგენენ”.

“მაგრამ როდესაც ათეულ ათასობით ხდება უკვე, წარმოიდგინეთ, რამოდენა რესურსია საჭირო”, — დაამატა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

ასეულობით ფაილი და სახელმწიფოს რეაქცია

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი.

ჩანაწერების ავთენტურობა, მათი გავრცელების შემდეგ, არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და სასულიერო პირმა დაადასტურა. მათ ამ მასალებში თაბიანთი საუბრები ამოიცნეს. მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც. ეკლესიას კი ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები უცხო ქვეყნების საელჩოებიც არიან. ფაილებში შენახულია ჩანაწერები, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. რაც შეეხება“ქართული ოცნებას”: მმართველი პარტიის რიტორიკა ბოლო 2 დღეში შეიცვალა.

თავდაპირველად, მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ცალსახად ადანაშაულებდნენ ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას”.

თუმცა ორი დღის განმავლობაში მის რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი ოცნებაში “ტყუილ-მართალს” უწოდებენ.

თავად პარტია “საქართველოსთვის”, რომელიც გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ დააფუძნა, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში  სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ელჩები და მათი თანამშრომლები მიყურადების ქვეშ: რას ვიგებთ ჩანაწერებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი