ახალი ამბები

ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების, სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ — სსც

16 სექტემბერი, 2021 • 1398
ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების, სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ — სსც

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. არასამთავრობო ორგანიზაცია, 16 სექტემბერს გავრცელებულ განცხადების თანახმად, მშენებლობა “დაუსაბუთებელი და უკანონოა”.

“მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის 22 აპრილს, საკანონმდებლო მოთხოვნების უხეში დარღვევებით, უსაფუძვლოდ გასცა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ნებართვის გამცემმა სააგენტომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნები და შესაბამისი დასაბუთების გარეშე საგამონაკლისო წესით გასცა სამშენებლო ნებართვა”, — დასძენს ორგანიზაცია.

ცენტრის განცხადებით, “მშენებლობის ნებართვა საგამონაკლისო წესით, გამარტივებულად და კონკრეტული პირობებით გაიცა”.

“კერძოდ, ნებართვის გაცემის მომენტში ენკას სააგენტოში წარდგენილი არ ჰქონდა სავალდებულო სამშენებლო დოკუმენტაცია, სათანადო კვლევები და საექსპერტო დასკვნები.

შეიძლება ითქვას, რომ რისკის მომეტებული ფაქტორის მქონე ქვემო ნამახვანი ჰესზე, რომელიც მათ შორის 100 მეტრზე მეტი სიმაღლის კაშხალს მოიცავს, სახელმწიფომ მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა ადგილობრივი გეოლოგიური გარემოს სრულყოფილი გამოკვლევის, შესწავლისა და მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარი იდენტიფიცირების გარეშე დაუშვა.

აღნიშნულით კი პირდაპირი ფიზიკური საფრთხის წინაშე არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ მთლიანად რიონის ხეობაც დააყენა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, სააგენტომ “სრულიად უსაფუძვლოდ”, თავადვე შესთავაზა ენკას მშენებლობის ნებართვის საგამონაკლისო წესით გაცემა, მაშინ, როდესაც კანონი ნებართვის მაძიებელს ავალდებულებს საგამონაკლისო წესის გამოყენების თხოვნით და დასაბუთებული შუამდგომლობით თავად მიმართოს სააგენტოს. ამ ქმედებით, ცენტრის აზრით, უწყებამ აშკარად გადააჭარბა უფლებამოსილებას და საფრთხე შეუქმნა ობიექტის მშენებლობის უსაფრთხოებას.

“საგულისხმოა, რომ მშენებლობის ნებართვა კონკრეტული პირობებით გაიცა, კერძოდ, ენკას სრული სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 2021 წლის აპრილი განესაზღვრა და იქამდე ძირითადი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა შეეზღუდა. თუმცა მალევე სახელმწიფომ ენკას არაერთი დამატებითი შეღავათი გაუკეთა.

2020 წლის სექტემბერში ენკას, ჰესის ნაგებობის ცალკეული ობიექტებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მშენებლობის დაწყების უფლება მიეცა, რითაც სამშენებლო სამართლის სტანდარტები კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად დაირღვა, რადგან მშენებლობის პროცესის მსგავსი სახით დანაწევრება მისი საერთო ზეგავლენისა და ფაქტობრივად მიმდინარე სამუშაოების შეფასებას უკიდურესად ართულებს.

თუმცა ენკასთვის დამატებითი შეღავათი ამით არ ამოიწურა. 2021 წლის მარტში, სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ენკას დამატებით ერთი წლით, 2022 წლის თებერვლამდე გაუხანგრძლივდა”, – აცხადებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.

ორგანიზაციის თქმით, ითხოვს  “დაუსაბუთებელი და უკანონო მშენებლობის ნებართვის გაუქმებას”, ხოლო ფიზიკური საფრთხისა და სახელმწიფო ზედამხედველობის არარსებობის პირობებში, მშენებლობის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

როგორ ასაბუთებს „ენკა“ „დედლაინის“ გადავადების საჭიროებას

როგორც ზემოთაც არის მითითებული, მიზეზი, რის გამოც „ენკამ“ მოითხოვა აღნიშნული დროის თითქმის 1 წლით გახანგრძლივება, „პროექტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა“ იყო.

უფრო ზუსტად, წერილში, რომელშიც ეს დასაბუთებაა დასახელებული, „ენკას“ ნებართვებისა და ლიცენზიების დეპარტამენტის უფროსი, ვოლქან ქაბაქლი წერს:

„გვსურს, განვმარტოთ, რომ კომპანია ითავისებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა ვალდებულებას, გამოთქვამს მზაობას მათ დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე, აქტიურად მუშაობს ყველა საჭირო დოკუმენტსა თუ ნებართვის მოპოვებაზე კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით, თუმცა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო პროექტის ირგვლივ შექმნილმა მდგომარეობამ საგრძნობლად შეაფერხა #60-04 ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების ვადაში განხორციელების პროცესი“ [ანუ საბოლოო სამშენებლო დოკუმენტისა და საექსპერტო დასკვნის მომზადება].


არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ “ნამახვანჰესის” პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, რასაც ოპონენტი მხარე უარყოფს. 

მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, კრიტიკოსი ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა პროექტის შეჩერება არაერთგზის მოითხოვეს რიონის ხეობაში, ქუთაისსა და თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე. ისინი ამ დრომდე განაგრძობენ მორიგეობას ხეობაში.

გირჩევთ:

სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

მასალების გადაბეჭდვის წესი