ახალი ამბები

ელჩები და მათი თანამშრომლები მიყურადების ქვეშ: რას ვიგებთ ჩანაწერებიდან

16 სექტემბერი, 2021 • 4633
ელჩები და მათი თანამშრომლები მიყურადების ქვეშ: რას ვიგებთ ჩანაწერებიდან

ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

ზოგიერთი მასალის შემთხვევაში, რთულია იმის იდენტიფიცირება, ვის უსმენს სახელმწიფო კონკრეტულ მომენტში: დიპკორპუსის წარმომადგენელს თუ პირს, რომელსაც ის ესაუბრება. თუმცა, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები სწორედ უცხო ქვეყნების საელჩოები არიან.

“ნეტგაზეთი” წარმოგიდგენთ ერთ-ერთ დიდ ფაილში მოცემულ ინფორმაციასა და მათ ანალიზს დიპლომატიური უწყებების მიხედვით.

აშშ-ის საელჩო და მისი თანამშრომლები

ზოგიერთი ჩანაწერი იმ მასალებიდან, რომლებშიც აშშ-ის საელჩო ფიგურირებს, ასახავს საუბრებს, ერთი მხრივ, აღნიშნული უწყების წარმომადგენლებს, მეორე მხრივ კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის.

ზოგ შემთხვევაში საელჩოს წარმომადგენლები დეტალებს აზუსტებენ კელი დეგნანსა და მოსაყდრე შიოს შორის აღნიშნულ პერიოდში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი საუბარი კი შეეხება საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშს, რომელსაც აშშ-ის საელჩო ამზადებდა.

მოცემულ კონტექსტში არის ერთი საგულისხმო დეტალი: ამ და სხვა გაჟონილი ფაილებიდან არაერთი, მათი ავთენტურობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ნათელს ხდის, რომ სუსი უსმენს საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.

მნიშვნელოვანია ის გარმეოება, რომ ამ ფაილებში არის დეტალური ინფორმაცია ნეტგაზეთის, ასევე, სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და სასულიერო პირებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბრებზე, რომელიც ნამდვილად შედგა. გამოჟონილი ფაილები სიტყვების სიზუსტით აღწერს ამ საუბრებს.

მასალებს შორის მრავლადაა ინფორმაცია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მამა ანდრია ჯაღმაიძის საუბრების შესახებ მესამე პირებთან, მათ შორის, საელჩოების თანამშრომლებთან.

შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში ჭირს იმის დადგენა, კონკრეტულ მომენტში სუსი დიპლომატიური უწყების წარმომადგენელს უსმენს და ამ გზით შიფრავს მისი და საპატრიარქოს თანამშრომლის საუბარს, თუ პირიქით, ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონია ფარული მოსმენის ობიექტი.

კელი დეგნანი

თუმცა “ნეტგაზეთმა” იხილა არაერთი ჩანაწერი ტექსტის სახით, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ ფარულ მიყურადებაზე უშუალოდ საელჩოს წარმომადგენელთა მიმართ.

მაგალითად, ერთ-ერთი ცნობა, რომელიც 2020 წლის 16 ივნისით თარიღდება, სავარაუდოდ, ასახავს წინა დღით მოსმენილ საუბარს საელჩოს მაღალი რანგის თანამშრომლებს შორის [ნეტგაზეთი მათ პოზიციებსა და ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს]:

“მიღებული ინფორმაციით, მ.წ. 15 ივნისს აშშ-ის საელჩოს [თანამშრომელი 1] ესაუბრა აშშ-ის საელჩოს [თანამშრომელ 2-ს], რომელსაც განუცხადა, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გეგმავენ მისალოცი ვიდეოკლიპის გადაღებას, რომელშიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ პირები, რომლებიც სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, აშშ-ში სწავლებისთვის და ა.შ. იყვნენ დაფინანსებული აშშ-ის მთავრობის მიერ.

[თანამშრომელმა 1-მა] [თანამშრომელ 2-ს] ჰკითხა, ხომ არ იცის ეკლესიიდან ვინმე, ვინც აშშ-ში გამგზავრებისთვის დაფინანსებული ჰყავთ, რაზეც [თანამშრომელმა 2-მა] განაცხადა, რომ როგორც მას ახსოვს, 2016 წელს აშშ-ში გაემგზავრნენ მიტროპოლიტები, თუმცა ეს, როგორც იცის, დაფინანსებული იყო დიდი ბრიტანეთის მიერ. [თანამშრომელი 2 კოლეგას] შეჰპირდა, რომ მოიძიებს ასეთ პირებს ეკლესიიდან ვიდეოკლიპში გადასაღებად და ინფორმაციას გააგებინებს”.

კიდევ ერთი მასალა, რომელიც ამავეს ადასტურებს, 2020 წლის 20 ივლისით თარიღდება. ავტორის თანახმად, საუბარი შედგა აშშ-ის კიდევ ორ სხვა თანამშრომელს შორის. ავტორი დეტალურად აღწერს, როგორ საუბრობენ თანამშრომლები გელათის მონასტერში შექმნილ ვითარებაზე, რომლის რეაბილიტაციისთვის აშშ-ის საელჩომ 2014 წელს 600 ათასი ამერიკული დოლარი გამოყო.

[პირველმა მეორეს] განუცხადა, რომ ელ. ფოსტაზე გაუგზავნა დეტალური ინფორმაცია გელათის მონასტერში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მონასტერში სახურავიდან წყლის ჩასვლას”, — წერია ტექსტში, რომელიც, მთლიანობაში, თითქმის, 300-სიტყვიანია.

არის სხვა ჩანაწერებიც, რომლებიც ზემოთ მოცემულ ვარაუდს ადასტურებენ. 2020 წლის 16 სექტემბრით დათარიღებულ ტექსტში აღწერილია საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური სექციის წარმომადგენლის საუბარი იეჰოვას მოწმეთა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთან.

[პირველმა მეორეს] განუცხადა, რომ ამზადებს 2020 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიშს, რომელთან დაკავშირებითაც მან ელ. ფოსტაზე გაუგზავნა ერთი შეკითხვა, რომელიცაა შემდეგი — რა პრეტენზიები აქვთ მთავრობის მიმართ და რაზე გაუმახვილეს ყურადღება, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითთან ერთად”, — აღნიშნულია ტექსტში.

გერმანიის ელჩი სავარაუდო მიყურადების ქვეშ

ფაილში, რომელიც “ნეტგაზეთმა” ნახა, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში არაერთგზის არის ნახსენები. არაერთი ჩანაწერი ასახავს კომუნიკაციას ელჩსა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს, შორის.

ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სუსი ზვიადაძეს აყურადებს და არა — ელჩს. თუმცა რამდენიმე ჩანაწერი მეტყველებს იმაზე, რომ ფარული მოსმენის ობიექტი, შესაძლოა, უშუალოდ ჰუბერტ ქნირში იყოს.

ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი 2020 წლის 6 ივლისით თარიღდება. ავტორის სიტყვებით, წინა დღეს “გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, სმს შეტყობინება გაუგზავნა საქართველოში ლუთერანულევანგელისტური ეკლესიის წინამძღოლს, ეროვნებით გერმანელ შოხს და აცნობა, რომ მან საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო შემოთავაზება .. 9 ივლისს, ასურეთში სტუმრობასთან დაკავშირებით. რის შემდეგაც გერმანიის ელჩმა შოხს შესთავაზა ასურეთში მათთან ერთად სტუმრობა”.

“რამდენიმე წუთში შოხი დაუკავშირდა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს, რა დროსაც განუცხადა, რომ ხსენებულ ღონისძიებას იგი დაესწრება სიამოვნებით”, — წერია ფაილში.

კიდევ ერთი მასალა აღწერს კომუნიკაციას გერმანიის ელჩსა და, სავარაუდოდ, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს შორის, რომელიც ლუთერულ-ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლებს საკვებით უზრუნველყოფდა. ჩანაწერის თანახმად, აღნიშნულმა პირმა ქნირშს გაუგზავნა სმს შეტყობინება, რომელიც საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხს შეეხებოდა.

ჩანაწერში ასევე განხილულია, ვინ არის ხსენებული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რა ურთიერთობა ჰქონდა კომპანიას საგადასახადო ინსპექციასთან და როგორ გაგრძელდა ეკლესიისთვის საკვების მიწოდება მას შემდეგ, რაც ეს პროცესი გარკვეული ხნით შეჩერდა.

დიდი მოცულობის ფაილში, რომელიც აღნიშნულ მასალებს მოიცავს, მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები როგორც ლუთერანულ-ევანგელისტური ეკლესიის წინამძღოლი, ისე ზემოხსენებული კომპანიის წარმომადგენელი. მასალებიდან არ იკვეთება, რომ კონკრეტულად ეს ორი პირი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.

შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო უშუალოდ გერმანიის ელჩს უსმენს.

ევროკავშირის ელჩი და მისი თანამშრომლები

ფაილის მიხედვით, მიყურადების ობიექტია ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც, თავის თანამშრომლებთან ერთად.

23 მარტით დათარიღებულ ჩანაწერში დეტალურად არის აღწერილი წინა დღით შემდგარი საუბარი ჰარცელსა და თავის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პანდემიასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე.

“მ.წ. 22 მარტს, 18:28 სთ-ზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაუკავშირდა თავის თანამშრომელს [ნეტგაზეთი მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს], რომელსაც სთხოვა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ტელეფონის ნომერი. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ მუშაობს პრობლემებზე, რომელიც ეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას რელიგიურ ცერემონიებთან და რიტუალებთან დაკავშირებით. კ.ჰარცელის თქმით, …-სგან გაიგო, რომ მამა გიორგი ზვიადაძე არის ავად და აქვს ცხელება, გამომდინარე აქედან ფიქრობს, რომ დროულია გაუგზავნოს მესიჯი, რომლითაც გამოხატავს იმედს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და ა.შ.

[საელჩოს თანამშრომელმა] უპასუხა, რომ გაუგზავნის საკონტაქტო მონაცემებს და აღნიშნა, რომ იმედოვნებს ეკლესია მიხვდება, რამხელა რისკებია სარიტუალო შეკრებებზე და ეს ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. კ.ჰარცელმა განაცხადა, რომ ყველას ეშინია ეკლესიას შეეხოს, რაზეც [თანამშრომელი] დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეკლესია ცდილობს აღიდგინოს ავტორიტეტი, თუმცა არ ჰგონია, რომ ამით რამეს მოიგებენ. კ.ჰარცელის განცხადებით, ეკლესია რისკავს, მით უმეტეს, რომ ახლოვდება სააღდგომო დღესასწაული და აღნიშნულ საკითხებზე მას კონტაქტი აქვს პრემიერ-მინისტრთან “, — წერს ავტორი.

ამავე ჩანაწერში ავტორი დაწვრილებით ჰყვება ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბრის მეორე ნაწილზეც, რომელიც “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” ანგარიშებზე იმ პერიოდში დადებულ ინკასოს ეხება:

[თანამშრომელმა] კ.ჰარცელი ჩააყენა საქმის კურსში, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველისგან“ და „მთავარი არხისგან“ მიიღო ინფორმაცია, რომ ორშაბათს აპირებენ წერილობითი მიმართვა გააკეთონ (სავარაუდოდ, იგულისხმა ინკასოს მოხსნა) და ატვირთონ ელექტრონულად, რის შემდეგაც იმედოვნებენ, რომ მიიღებენ დადებით გადაწყვეტილებას.”

აღნიშნულთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სუსის თანამშრომელი დეტალურად აღწერს ჰარცელისა და მისი თანამშრომლის საუბარს. კიდევ ერთი ჩანაწერით, რომელიც 2020 წლის 8 ოქტომბრით თარიღდება, ავტორი თავის კოლეგებს ამცნობს:

“მიღებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესაუბრა თანაშემწეს …, რომელსაც განუცხადა, რომ ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში სამღვდელოებასთან ჩანიშნული შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით საათნახევარი. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე მიდის მხოლოდ რამოდენიმე ელჩი, ამიტომ თავად გეგმავს, რომ შეხვედრას დაესწროს მხოლოდ ნახევარი საათი, შემდეგ მოიმიზეზებს მნიშვნელოვან საქმეს და წამოვა”.

ფაილში შეტანილია საუბარიც, რომელიც ისრაელისა და ევროკავშირის ელჩების თანაშემწეებს შორის შედგა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესის ობიექტი, სავარაუდოდ, აღმოჩნდა მარტივი დიალოგი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები ორ ელჩს შორის გაცნობითი შეხვედრის დეტალებს არკვევდნენ.

ისრაელის საელჩოს თანამშრომლები

მასალების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების მიღმა არც ისრაელის საელჩოს თანამშრომლების კომუნიკაციები დარჩენილა. შესაბამისი ჩანაწერები 2020 წლის ივნისით, ივლისითა და სექტემბრით თარიღდება.

“მიმდინარე წლის 19 ივნისს, საქართველოში ისრაელის ელჩის თანაშემწე […] დაუკავშირდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელს [….] და აცნობა, რომ საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს სურვილი აქვს, ქუთაისის უნივერსიტეტს ისრაელის სახელით გაუწიოს 5 000 დოლარის ოდენობითი დონაცია”, — აღნიშნულია ერთ-ერთ ჩანაწერში.

მასალებს შორისაა საუბრები ისრაელის ელჩის, რან გიდორის თანაშემწესა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელს შორისაც. ჩანაწერის თანახმად, პირველმა მათგანმა მეორეს აცნობა, რომ გიდორს პარლამენტის წევრთან, ირმა ინაშვილთან შეხვედრა სურდა. ამავე საუბარში დადასტურდა, რომ თავად ინაშვილიც მზად იყო ამ შეხვედრისთვის.

სავარაუდო მოსმენის ქვეშ იყო სხვა ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში შემდგარი საუბრებიც, მათ შორის, რან გიდორის შეხვედრებისა კახა კუჭავასთან და თეა წულუკიანთან. კიდევ ერთ ჩანაწერში ავტორი აღწერს კომუნიკაციას ისრაელის ელჩის თანაშემწესა და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს შორის.

“რან გიდორის თანაშემწემ […] ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძეს აცნობა, რომ ელჩს სურს მ/წ 9 სექტემბერს, 18:30 საათზე საკუთარ რეზიდენციაში გამართოს მიღება და ჩაატაროს მონოსპექტაკლი, რომელზეც იწვევს რ.გოცირიძეს”, — ვკითხულობთ ჩანაწერში.

“ნეტგაზეთი” რუსუდან გოცირიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, მართლაც შედგა თუ არა მასსა და საელჩოს თანამშრომელს შორის ასეთი კომუნიკაცია. ეპისკოპოსს დაზუსტებით არ ახსოვს, რა ფორმით დაუკავშირდნენ საელჩოდან, თუმცა ადასტურებს, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე მიიწვიეს.

“მიწვეულები ვიყავით და დავესწარით ამ სპექტაკლს… მისამართიც გამომიგზავნეს, მეილითაც მქონდა კომუნიკაცია. ალბათ ტელეფონითაც იყო, არ მახსოვს”, — დასძინა მან.

ჩანაწერებს შორის ასევე არის რან გიდორსა და მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შორის საუბრები ქუთაისის მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ქადაგებაზე, რომელიც სამოქალაქო სექტორმა ანტისემიტურ გზავნილებად შეაფასა. სასულიერო პირის განცხადებები მაშინ თავად ელჩმაც გააკრიტიკა.

“საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს აცნობა, რომ ქუთაისის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა საღვთო ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია და “ქრისტიანთა მდევნელი, ურწმუნო მოდგმა” უწოდა”, — წერია ფაილში.

ერთ-ერთი ჩანაწერი აღწერს საუბარს უშუალოდ საელჩოს თანამშრომლებს შორის, რომელიც, ავტორის თანახმად, მიმდინარე წლის 16 თებერვალს შედგა:

“რან გიდორის თანაშემწე … დაუკავშირდა, სავარაუდოდ, ელჩის მძღოლს …-ს, რომელთა შორის გამართული საუბრიდანაც ირკვევა, რომ დღეს (მ.წ 16 თებერვალს), 17:00 სთ-ზე ისრაელის ელჩი რან გიდორი უნდა მიიყვანონ ორგანიზაცია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” (TDI) ოფისში”.

სხვა ჩანაწერევის მსგავსად, არც ამ საუბრის ავთენტურობაა დადასტურებული, თუმცა რან გიდორის ფეისბუქ გვერდზე მართლაც მოიძებნება 2021 წლის 16 თებერვალს გამოქვეყნებული პოსტი, რომლის თანახმადაც ის TDI-ის ოფისს ესტუმრა.

საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ოთხივე საელჩოს პრესსამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ ადასტურებენ მასალების ავთენტურობას, როგორ აფასებენ შესაძლო მიყურადებას და რა სახის რეაგირება ექნებათ აღნიშნულზე. აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. პასუხს ამ დრომდე ველით გერმანიის საელჩოდან. 

ასეულობით ფაილი და სახელმწიფოს რეაქცია

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა, მათ შორის, “ნეტგაზეთის” რეპორტიორმა, ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო რესპონდენტებთან და სხვებთან.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. რაც შეეხება“ქართული ოცნებას”: მმართველი პარტიის რიტორიკა ბოლო 2 დღეში შეიცვალა.

თავდაპირველად, მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ცალსახად ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებდნენ. თუმცა ორი დღის განმავლობაში მის რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი ოცნებაში “ტყუილ-მართალს” უწოდებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

განახლება: 17 სექტემბერს “ნეტგაზეთს” წერილობით უპასუხა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა. მისი თქმით, “დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას”. 

როგორ შეიცვალა “ოცნების” რიტორიკა ფარულ ჩანაწერებზე 2 დღეში

მასალების გადაბეჭდვის წესი