ახალი ამბები

გერმანიის ელჩის კომენტარი მის სავარაუდო მოსმენაზე

17 სექტემბერი, 2021 • 3285
გერმანიის ელჩის კომენტარი მის სავარაუდო მოსმენაზე

“დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას”, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებაში, რომელიც მან ნეტგაზეთთან, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფაილების კომენტირებისას გააკეთა.

ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

“ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. გამჭვირვალობისა და კონტროლის საკითხები განიხილებოდა NATO-სთან საქართველოს ყოველწლიურ შეხვედრებზე. ვფიქრობ, ეს მომავალშიც გაგრძელდება”, – ამბობს ელჩი ქნირში ნეტგაზეთთან წერილობით კომენტარში.

სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ზოგიერთი მასალის შემთხვევაში, რთულია იმის იდენტიფიცირება, ვის უსმენს სახელმწიფო კონკრეტულ მომენტში: დიპკორპუსის წარმომადგენელს თუ პირს, რომელსაც ის ესაუბრება. თუმცა, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები სწორედ უცხო ქვეყნების საელჩოები არიან.

გერმანიის ელჩი სავარაუდო მიყურადების ქვეშ

ფაილში, რომელიც “ნეტგაზეთმა” ნახა, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში არაერთგზის არის ნახსენები. არაერთი ჩანაწერი ასახავს კომუნიკაციას ელჩსა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს, შორის საუბარს.

ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სუსი ზვიადაძეს აყურადებს და არა — ელჩს. თუმცა რამდენიმე ჩანაწერი მეტყველებს იმაზე, რომ ფარული მოსმენის ობიექტი, შესაძლოა, უშუალოდ ჰუბერტ ქნირში იყოს.

გაიგეთ მეტი დიპლომატების სავარაუდო მოსმენების შესახებ:

ელჩები და მათი თანამშრომლები მიყურადების ქვეშ: რას ვიგებთ ჩანაწერებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი