ახალი ამბები

AUKUS — ალიანსი ჩინეთის შესაკავებლად

16 სექტემბერი, 2021 • 1933
AUKUS — ალიანსი ჩინეთის შესაკავებლად

აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში ისტორიული შეთანხმების შესახებ განაცხადეს.

“ეს არის ისტორიული შესაძლებლობა სამი სახელმწიფოსთვის, ანალოგიური შეხედულებების მქონე მოკავშირეებთან ერთად, დავიცვათ ჩვენი საერთო ფასეულობები და ხელი შევუწყოთ უსაფრთხოებასა და განვითარებას ინდოეთის და წყარი ოკენის რეგიონში”, — ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, გაეთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის და ავსტრალიის პრემიერ სკოტ მორისონის ერთობლივ განცხადებაში.

ე.წ. AUKUS-ის პაქტი არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ყველაზე მასშტაბური თანამშრომლობა სამ ქვეყანას შორის. შეთანხმება ფოკუსირებული იქნება სამხედრო თანამშრომლობაზე, განსხვავებით “ხუთი თვალის” ალიანსისგან, რომელიც სადაზვერო ინფორმაციის გაცვლის მიზნით არის შექმნილი და რომელშიც შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ავსტრალიასთან ერთად ახალ ზელანდია და კანადაც მონაწილეობენ.

შეთანხმება ავსტრალიას საშუალებას მისცემს, ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით პირველად ისტორიაში ააგოს ბირთვული წყალქვეშა ნავები. შედეგად, ავსტრალია გახდება მეშვიდე ქვეყანა — აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და რუსეთის შემდეგ — რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების ოპერირებას დაიწყებს. შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის, კიბერ და კვანტური ტექნოლოგიების გაზიარებას. ახალი პაქტით, ავსტრალიამ გაწყვიტა 31-მილიარდევროიანი შეთანხმება 12 წყალქვეშა ნავის მშენებლობის შესახებ, რომელსაც საფრანგეთთან 2016 წელს მოეწერა ხელი.

იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლებში დასავლეთის დემოკრატიები შეშფოთებული არიან ჩინეთის მზარდი სამხედრო პოტენციალით ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და ავსტრალიის ალიანსი განიხილება როგორც ჩინეთის საწინააღმდეგო ძალისხმევა. სამი ქვეყნის ლიდერებს თავიანთ გამოსვლაში ჩინეთი არ დაუსახელებიათ, თუმცა თქვეს, რომ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები “მნიშვნელოვნად გაიზარდა”. ჩინეთის  საელჩომ ვაშინგტონში შეთანხმების მონაწილეები ცივი ომის მენტალიტეტისა და იდეოლოგიური წინასწარგანყობის ქონაში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი