ახალი ამბები

გახარიას გუნდი ჩანაწერებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

15 სექტემბერი, 2021 • 1042
გახარიას გუნდი ჩანაწერებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია “საქართველოსთვის” სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში  — სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

“ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ “ოცნების” მმართველობის დროს მიღწეულ როგორც წარმატებებზე, ასევე, წარუმატებლობებზე და “ოცნების” დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით იმაზეც, რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც რეფორმების კუთხით, ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რომ ამგვარი მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, უმსგავსობას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოღებოდა”, — განაცხადა პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ლილუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მისი თქმით, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი და პრობლემის გადაჭრისას პარტიული ინტერესების გვერდზე გადადებაზე უნდა შეთანხმდნენ.

“ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ “ოცნების” ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვეა ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის პრიდაპირი სამიზნე და ყოველდღიურად ხორციელდება მძიმე ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, მიგვაჩნია, რომ დღეს გვერდზე უნდა გადაიდოს პარტიული პოლიტიკური ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზებზე. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკური წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებასთან, არამედ ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს; ასევე, მიმართულია ქართული ეკლესიის და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამიტომ მივმართავთ თხოვნით ქართულ მედიასაშუალებებს, არ მოახდინონ ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც შეიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას. ცალსახაა, რომ არსებობს უკიდურესი აუცილებლობა, ამ უძიმეს ფაქტს უპასუხისმგებლო ტყუილებისა პასუხი  გაეცეს ობიექტური და გამჭვირივალე გამოძიებით”, — განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, “ოცნება” საკუთარ განცხადებებში პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს და ჭეშმარიტების დადგენას არ ესწრაფვის.

“შესაბამისად, ერთი მხრივ, მოვითხოვთ, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთონ სახალხო დამცველი და საერთშორისო ექსპერტები, მეორე მხრივ, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ბინძური მანკიერი პრაქტიკა”, — განაცხადა ლილუაშვილმა.

ამ თემაზე:

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი