ახალი ამბები

თვითმმართველობის პირველი არჩევნები გენდერული კვოტირებით და ქალები პარტიულ სიებში

16 სექტემბერი, 2021 • 1951
თვითმმართველობის პირველი არჩევნები გენდერული კვოტირებით და ქალები პარტიულ სიებში

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წინა არჩევნებისგან განსხვავებული წესებით ჩატარდება. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ოქტომბრის არჩევნებს შეეხება, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოში გენდერული კვოტირების შემოღებას უკავშირდება.

ამ არჩევნებზე პარტიებს გაუჩნდათ ვალდებულება, პროპორციულ სიაში სამეულში შეიყვანონ მინიმუმ ერთი განსხვავებულ სქესის კანდიდატი. აღნიშნული წესი პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჩააგდო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს პროპორციულ სიებში ყოველი მე-2 კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო.

აღნიშნული წესი არ მოქმედებდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თუმცა იყო წამახალისებელი ნორმა, რომლის მიხედვითაც, პარტიები, რომელთა სიაში ყოველი მე-3 კანდიდატი იქნებოდა განსხვავებული სქესის, დამატებით დაფინანსებას იღებდნენ.

მიუხედავად ამისა, 2017 წლის არჩევნების შედეგებს თუ გავაანალიზებთ, თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან მხოლოდ 10 იყო ქალი, პროპოცრიული სიით მოხვედრილ 25 წევრს შორის კი — მხოლოდ 4.

თბილისის საკრებულოს შემადგენლობა 2017 წლის არჩევნების შედეგებით
Infogram

გარდა გენდერული კვოტირებისა, კიდევ ერთი ცვლილება მაჟორიტარული ოლქების რაოდენაბს ეხება. თუ აქამდე თბილისის საკრებულოში 25 წევრი პროპორციული, 25 კი მაჟორიტარული წესით ირჩეოდა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისი 10 მაჟორიტარული ოლქით იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, იზრდება პროპორციული სიით გამსვლელი კანდიდატების რაოდენობა და საკრებულო 40/10-ზე პროპორციით დაკომპლექტდება.

თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიების მიერ წარდგენილი სიები ასე გამოიყურება:

გენდერული განაწილება პარტიების პროპორციულ სიებში
Infogram

ქალი კანდიდატების პროცენტული განაწილება პარტიების სიებში
Infogram

მიუხედავად იმისა, რომ პარტიების უმეტესობაში ქალი კანდიდატების რაოდენობა კაცებისას არ (ან მცირედით) ჩამოუვარდება, დეტალური ანალიზისთვის “ნეტგაზეთმა” ქალთა წარმომადგენლობა პარტიული სიების ათეულშიც დაამუშავა, რაც ე.წ. გამსვლელ სიად ითვლება:

ქალი კანდიდატები პარტიული სიის ათეულში
Infogram

ქალი კანდიდატების პროცენტული განაწილება პარტიული სიების ათეულში
Infogram

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გენდერული კვოტირების მნიშვნელობაზე “ნეტგაზეთი” სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელ დირექტორს, ნინო დოლიძეს ესაუბრა.

რა შეიცვალა

დოლიძის თქმით, რეფორმა ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქალთა უფლებადამცველებს 2020 წელს განცორციელებული ცვლილებების შედეგად სხვა მოლოდინები ჰქონდათ.

დოლიძე განმარტავს, რომ 2020 წელს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს შეიცვალა პარტიული სიის წარდგენის წესი, სადაც პირველად სავალდებულო გენდერული კვოტირება ჩაიდო.

კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განისაზღვრა სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატის არსებობს, თუმცა მანამ, სანამ ეს კანონი პრაქტიკაში ამოქმედდებოდა, წელს მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მოულოდნელად ცვლილება განიცადა ამ ნაწილმა:

„მეორე მოსმენის დროს ჩვენ ვიხილეთ კანონპროექტში ასეთი ცვლილება, რომ ყოველი მეორეს ნაცვლად სამეულში ერთი უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის. თუმცა, მანამდე ამაზე დისკუსია საერთოდ არ ყოფილა.

მე ბოლო წლების განმავლობაში ადვოკატირებას ვუწევ გენდერულ კვოტირებას. ვიკითხეთ კიდეც, ხომ არ შეეხებოდა ცვლილებები გენდერულ კვოტას თუმცა მანამდე ჩვენ გვეუბნებოდნენ, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრები, რომ ამ ნაწილში ცვლილებები არ იგეგმებოდა. თუმცა, მოულოდნელად სამეულში ერთი აღმოჩნდა, რამაც, რა თქმა უნდა, ქალთა უფლებადამცველების გულისწყრომა გამოიწვია.

იმიტომ, რომ ჯერ კიდევ პრაქტიკაში განუხორციელებელი მუხლი შეცვალეს მანამ, სანამ ვიხილავდით რა შედეგი მოჰყვებოდა მას. ამიტომ, ამ არჩევნებისთვის ჩაიწერა, რომ სიაში სამეულში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს“ — ამბობს ISFED-ის დირექტორი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ სამეულში შესაძლოა, ორი ქალი კანდიდატიც იყოს თუმცა, ხშირად პარტიები კანონს ბულვალურად განმარტავენ და არა სულისკვეთების შესაბამისად,

ცვლილებების შედეგად, დოლიძის თქმით, ყველა პარტიას მოუწია სამეულში მინიმუმ ერთი ქალი კანდიდატის შეყვანა, თუმცა ცვლილეებები  მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს მანიპულაციისთვის არეალს არ უტოვებს.

კერძოდ, ISFED-ის დირექტორი განმარტავს, რომ თუ ქალი კანდიდატი მანდატზე უარს იტყვის, ის ასევე ქალმა კანდიდატმა უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც სიით შემდეგია. იმ შემთხვევაში კი თუ ასეთი არაა, მანდატი გაუქმდება:

„რაც ყველაზე კარგი იყო ამ ცვლილებებით, პარტიებს არ ექნებათ შესაძლებლობა ქალები ამოაგდონ პარტიული სიიდან. თუ ასე მოიქცევიან, მას აუცილებლად ჩაანაცვლებს იმავე სქესის მომდევნო წარმომადგენელი ანუ ის არ იქნება შესაძლებელი, უბრალოდ ჩასვან სიაში და არჩევნების შემდეგ ქალ კანდიდატებს უარი ათქმევინონ მანდატზე და შემდეგ მის ნაცვლად კაცი შევიდეს.

თუ ისე მოხდა, რომ ქალი კანდიდატი ვერ ჩაანაცვლებს, მანდატი საერთოდ უქმდება რათა პოლიტიკურმა პარტიებმა მანიპულაციას არ მიმართონ რაც ვიხილეთ შარშან გარკვეული პარტიების შემთხვევაში. „გირჩმა“, მაგალითად, უარი ათქმევინა ქალ კანდიდატებს“ — ამბობს ნინო დოლიძე.

დოლიძის თქმით, ცვლილება პოლიტიკურმა პარტიებმა იმით დაასაბუთებს, რომ ამგვარად სიების წარდგენა მათთვის უფრო რთულია, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც ერთი პარტიული სია დგება, აქ ყველა მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე სიების შედგებაა საჭირო.

როგორია პრაქტიკა

ISFED-ის დირექტორის განცხადებით, მმართველი გუნდის პოზიცია იყო, რომ პარტიები ამისთვის მზად არ იყვნენ და თითქოს არ ჰყავდათ საკმარისი რაოდენობა ქალების.

თუმცა, როოგრც დოლიძე აღნიშნავს, როგორც წესი ყველა პარტიაშია წევრთა მინიმუმ 30% ქალი, თუმცა მათ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე არ განიხილავენ და ძირითადად, კოორდინატორებად, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლებად და სხვა მსგავს პოზიციებზე განიხილავენ:

„როდესაც პარტია მეუბნება, რომ არ ჰყავს ქალი წევრები ეს არასწორია. თითქმის ყველა პარტიას ჰყავს ქალი წევრები 30% მაინც, უბრალოდ, ეს ქალები არ არიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და მათი საქმიანობა არის უფრო ტექნიკური. მაგალითად, კოორდინატორად ყოფნა, დოკუმენტებთან მუშაობა და ა.შ. ამიტომ ეს შიდა დემოკრატიის ნაკლებობაზე მიუთითებს,

როდესაც ჰყავთ ქალები პარტიაში, მაგრამ მათ დაწინაურებაზე არავინ ფიქრობდა. ყოველთვის ქალებს აღიქვამდნენ, როგორც საქმის გამკეთებლებს, მაგრამ არა გადაწყვეტილების მიმღებს. ამიტომ არის გენდერული კვოტირება საჭირო, რომ სწორედ ახლა მოუწიათ ამ ქალებზე მეტი აქცენტის გაკეთება და მათი სიებში ჩასმა მათ შორის გამსვლელ პოზიციებზე“ — ამბობს ნინო დოლიძე.

შესაბამისად, ISFED-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტირების შემოტანა წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ქვეყანაში გენდერული თანასწორობას შეუწყობს ხელს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნამდვილად არის შესაძლებლობა ქალებისთვის, შევიდნენ პოლიტიკაში ადგილობრივ დონეზე და ცვლილებები განახორციელონ ქალთა უფლებებისთვის და ქალთა ინტერესებისთვის ქვეყანაში.

ყოველი მეორე აჯობებდა, მაგრამ ჩემი აზრით, სამეულში ერთიც წინგადადგმული  ნაბიჯია. 30 წელია, ეს პრობლემა ბუნებრივად ვერ სწორდება და ამ ეტაპზე ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალია გენდერული კვოტა“ — უთხრა ნინო დოლიძემ “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი