ახალი ამბები

“თბილსერვისიდან” გათავისუფლებული ირაკლი ბაღდავაძე მესამე დღეა შიმშილობს და სამსახურში აღდგენას ითხოვს

15 სექტემბერი, 2021 • 1050
“თბილსერვისიდან” გათავისუფლებული ირაკლი ბაღდავაძე მესამე დღეა შიმშილობს და სამსახურში აღდგენას ითხოვს

დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე, რომელიც სამსახურიდან ზაფხულის გაფიცვების შემდეგ გაუშვეს, მესამე დღეა შიმშილობს და პროტესტს “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან განაგრძობს. ბაღდავაძის თქმით, გუშინ, 14 სექტემბერს პოლიციამ მას პროტესტის ფარგლებში ივანიშვილის სახლთან დაძინების უფლება არ მისცა. ამის შესახებ ბაღდავაძემ “მთავარ არხთან” ისაუბრა.

“პრინციპში, პოლიციელებს რაც დაავალეს, ის მდგომარეობა შემიქმნეს, უთხრეს, “არ უნდა იწვეს კუთხეში ბეტონზეო”. გადაიღეს უკვე, მაჩვენეს, სადაც ვიწექი, სადაც გზას ვკეტავ. არც პირად ცხოვრებაში შევდივარ, ვიღაცის სახლში არ ვიჭრები, არც არაფერი, ჩემთვის ვიწექი. ბეტონზე წოლისგან გვერდები მეტკინა და შემცივდა, ხალხი გუშინ დამეხმარა, რაღაც ფული ჩამირიცხეს, დღეს [14 სექტემბერს] წავედი, საძილე ტომარა ვიყიდე, რომ ცოტა რბილად დავწოლილიყავი და არიქა…”, – განმარტა ბაღდავაძემ.

ირაკლი ბაღდავაძეს იურიდიულ კონსულტაციებს უწევს პოლიტიკური მოძრაობა “დროას” იურისტი, გიგა ლემონჯავა. როგორც ლემონჯავამ განმარტა “ნეტგაზეთთან”, ბაღდავაძე მას გუშინ, დაახლოებით 23:30 წუთისთვის დაუკავშირდა და უთხრა, რომ პოლიცია ადგილზე დაძინების უფლებას არ აძლევდა. მისი განმარტებით, პოლიცია ბაღდავაძეს ეუბნებოდა, რომ მოძრაობას აფერხებდა, თუმცა ადგილი, სადაც ბაღდავაძეს სურდა ღამის გათევა, გზის პირასაა და სამანქანო და საფეხმავლო გზაზე გადაადგილების მსურველებს ხელს ვერ შეუშლიდა.

“სიტუაცია. ერთი მხრივ, კომიკური იყო და, მეორეს მხრივ, ტრაგიკული, რადგან ღამე არავინ დადის ამ ადგილას. თან ეს არ არის კერძო საკუთრება, ეს არის მერიის ბალანსზე არსებული ქონება, ანუ სახელმწიფო მიწაა და არა ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრება. ანუ ადამიანის პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა იმ მოტივით, რომ ეს კერძო საკუთრებაზე ხორციელდება, ესეც არ იყო ნამდვილად. ამიტომ დარჩა ირაკლი იქ და პროტესტის გამოხატვა გააგრძელა”, – განმარტა ლემონჯავამ.

“დროას” იურისტის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ირაკლი ბაღდავაძესთან ერთად დარჩა ბიძინა ივანიშვილის სახლთან. პოლიციას ბაღდავაძე არ დაუჯარიმებია და საბოლოოდ პროტესტის სასურველი ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა მისცა.

ლემონჯავას ინფორმაციით კი, ბაღდავაძე პროტესტის გაგრძელებას თბილისის მერიასთან გეგმავს და შიმშილობის შეწყვეტასაც არ აპირებს, სანამ მისი ორი მოთხოვნა არ შესრულდება. კერძოდ, სანამ თანამდებობიდან არ გადადგება თბილისის მერი, კახა კალაძე და ბაღდავაძეს დასუფთავების სამსახურში არ აღადგენენ.

ამავე თემაზე

რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშები – რეპორტაჟი

მასალების გადაბეჭდვის წესი