ახალი ამბები

ბაღდავაძის გათავისუფლება დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს — სოც. სამართლიანობის ცენტრი

25 აგვისტო, 2021 • 928
ბაღდავაძის გათავისუფლება დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს — სოც. სამართლიანობის ცენტრი

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლება, განსხვავებული აზრის საფუძველზე, დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 25 აგვისტოს გაავრცელა.

ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან 23 აგვისტოს გაათავისუფლეს, ოფიციალური მიზეზად განუმარტეს, რომ „ხალხში კონფლიქტს ქმნის“. მესამე დღეა, ბაღდავაძე “თბილსერვის ჯგუფის” შენობასთან კომპანიაში დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნით შიმშილობს.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ კომპანიამ ბაღდავაძის მოთხოვნებს უნდა უპასუხოს და მისი გათავისუფლების დასაბუთება წერილობითი ფორმით დროულად წარადგინოს.

“თავდაპირველი პროტესტის შემდეგ ბაღდავაძე გათავისუფლების რისკზე უკვე საუბრობდა და სოციალური სამართლიანობის ცენტრს სამართლებრივი დახმარების თხოვნით დაუკავშირდა. საბოლოოდ, 23 აგვისტოს, „თბილსსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამას წინ უძღოდა შაბათს, 21 აგვისტოს, „თბილსერვის ჯგუფის“ მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევა ირაკლი ბაღდავაძის თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და კონფლიქტური სიტუაციების შექმნის შესახებ. სხდომის მიმდინარეობისას ირაკლი ბაღდავაძე უარყოფდა კონფლიქტს სხვა დასაქმებულებთან და „თბილსერვის ჯგუფს“ ამ დაპირისპირების ინსცენირებაში ადანაშაულებდა.

სხდომის მიმდინარეობისას „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელი ირაკლი ბაღდავაძის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და ირაკლი ბაღდავაძის შეფასებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობის გარეშე სხდომა აუცილებლად შანტაჟის, შევიწროებისა და მუქარის ფონზე წარიმართებოდა.

საგულისხმოა, რომ როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის, ისე ირაკლი ბაღდავაძისათვის ამ დრომდე უცნობია მონიტორინგის სამსახურის მოკვლევის შედეგები. ასევე არ არსებობს წერილობითი დასაბუთება ირაკლი ბაღდავაძის გათავისუფლების შესახებ, რის გამოც ის ახლა პროტესტის უკიდურესი ფორმით მოითხოვს, რომ წერილობით ჩაჰბარდეს გათავისუფლების დასაბუთება”, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ბაღდავაძე ამბობს, რომ გათავისუფლების შემდეგ მას პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებით ემუქრებიან. “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ ეს დამატებითი შესწავლისა და გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქმის გარემოებების სრულად შესწავლის და გამოკვლევის შემდეგ ცენტრი ბაღდავაძის ინტერესების დაცვის სტრატეგიას განსაზღვრავს.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ასევე მოუწოდებს შრომის ინსპექციას, რომ დასუფთავების სამსახურში ჩაატაროს პერიოდული მონიტორინგი და დასაქმებულთა ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შეამოწმოს სამსახურში სამუშაო ადგილების უსაფრთხოება.

„თბილსერვისის“ თანამშრომლები 6 აგვისტოს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასის მატება, სამუშაო პირობებისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება, დაზღვევა, შვებულების უფლებით სარგებლობა და პროტესტის გამოხატვისა და გაფიცვის გამო „ხელშეუხებლობა“, ანუ სამუშაო ადგილის შენარჩუნება იყო. გაფიცვის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე სწორედ ირაკლი ბაღდავაძე იყო.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაფიცვას „დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა. მოგვიანებით, 8 აგვისტოს, დასაქმებულთა ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა.

რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშები – რეპორტაჟი

მასალების გადაბეჭდვის წესი