ახალი ამბები

რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშები – რეპორტაჟი

6 აგვისტო, 2021 • 5601
რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშები – რეპორტაჟი

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები უარს ამბობენ დედაქალაქის ქუჩებიდან ნაგვის გატანაზე, სანამ კომპანია ხელფასებს არ მოუმატებს.

გაფიცვა 6 აგვისტოს, დილის საათებში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მემანქანეები და ნაგვის გამტანები დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სათავო ოფისთან შეიკრიბნენ და მუშაობაზე უარი თქვეს, სანამ მათი მოთხოვები არ დაკმაყოფილდება. ისინი თბილისის მერის, კახი კალაძის ადგილზე მისვლასაც ითხოვენ.

მათი დამსაქმებელია შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს, კერძოდ კი, თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. „თბილსერვის ჯგუფი“ არის კომპანია, რომელსაც თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე, სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და ა.შ.

დასაქმებულებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. ძველ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება;
  2. ხელფასების 50%-იანი მატება.

სამუშაო გრაფიკი

როგორც დასაქმებულები „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობენ, ძველი გრაფიკი გულისხმობდა ორ ცვლაში მუშაობას – დილის 6 საათიდან დღის 1 საათამდე და საღამოს 6-7 საათიდან ღამის 1-2 საათამდე, ბოლო პერიოდში კი ეს შეიცვალა:

„ჩატარდა ექსპერიმენტი, რომ გადავსულიყავით 10-დან 6 საათამდე სამუშაო გრაფიკზე, რაც ამ სიცხეში არის შეუძლებელი ჩვენთვის, მუშებისთვის. 40 გრადუსია დღეს გამოცხადებული. ფიზიკურად შეუძლებელია დღის განმავლობაში იმუშაო გარეთ“, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული, სახელად ალექსანდრე, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

კომპანიის წარმომადგენელი, ერთ-ერთი რაიონის განყოფილების ხელმძღვანელი ელიზბარ ბერიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალი გრაფიკით, ნაგვის გატანა ხდებოდა ორ ცვლაში — დილის 10-დან საღამოს 6-მდე და საღამოს 8-დან დილის 6-მდე.

მისი თქმით, ამ ცვლილების მიზანი იყო, „ქალაქი ღამით დაიცალოს ნაგვისგან და დილას აღარ შეიქმნას საცობები, [ნაგვის გადამზიდი] მანქანების გადაადგილებამ ხელი არ შეუშალოს მოქალაქეების გადაადგილებას“, თუმცა დასაქმებულები ამას არ ეთანხმებიან.

„როგორ, კაცო, 6 საათზე გამოსული საცობს ვქმნიდი და 10 საათზე რომ გამოვალ, საცობს აღარ შევქმნი? თან ორ უბანს გვიერთიანებენ“, – ამბობს ალექსანდრე, ერთ-ერთი დასაქმებული.

მუშების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში მათ უწევდათ თითო უბანში არსებული სანაგვე ურნების დაცლა, ახლა კი უბნები გაუერთიანეს:

„ერთი მძღოლი და ორი მუშა დავდივართ ხოლმე. უბნები გააერთიანეს და ამ ერთმა ჯგუფმა, ერთის ნაცვლად, 2 უბანი უნდა აიღოს 7 საათის განმავლობაში (ერთი საათი შესვენებაა). ამ 7 საათში ვერანაირად ჩავეტიეთ დროში. ვერ ვასწრებთ. ერთ უბანს ვიღებდით 5 საათში და ახლა ორი უბანი 7 საათში ვერ ესწრება. მინიმუმ 12 სთ გამოგვდის მუშაობა“, – ამბობს კიდევ ერთი დასაქმებული, ვასილ აფციაური.

როგორც „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, ერთი მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა ელიზბარ ბერიძემ, მეორე მხრივ კ, დასაქმებულებმა, 6 აგვისტოს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სამუშაო გრაფიკი ძველ რეჟიმს დაუბრუნდება.

თუმცა ხელფასების საკითხი ჯერჯერობით მოუგვარებელი რჩება.

ხელფასები

დასაქმებულების თანახმად, ნაგვის ურნების დამცლელი მუშების ყოველთვიური ანაზღაურება არის 760 ლარი, ხოლო სატვირთო ავტომობილების მძღოლებისა – 860. დასაქმებულები ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ.

ირაკლი ბაღდავაძე, ერთ-ერთი დასაქმებული, ამბობს: „ვითხოვთ 50%-ით ხელფასის ზრდას… არ მეშინია არც მთავრობის, არც არავის, ვიტყვი: რაც გვეკუთვნის, მოგცვენ. გაჭირვებული [რომ ვარ, მაგიტომ ვარ აქ, თორემ] მილიონერი ნაგავში არავინ მუშაობს. დაგვაფასონ და ციყვებს ნუ გვეძახიან, უკან რომ ჩამოკიდებული ვართ. რასაც ჭამენ, იმას ნუ ჭამენ … და ჩვენ ჩვენი კუთვნილი მოგვცენ“.

დასაქმებულები სხვა არაერთ პრობლემურ საკითხს გამოყოფენ, რაც შრომის უსაფრთხოებას, შრომის უფლებებსა და შრომის პირობებს უკავშირდება. მაგალითად, ირაკლი ბაღდავაძის თანახმად, დასაქმებულებს არასოდეს უნახავთ საკუთარი კონტრაქტები, ვერ სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით, არ ამარაგებენ სპეციალური ტანსაცმლით, ავტომობილები გაუმართავია და ყოველდღიურად მძიმე რისკებს ქმნის და ა.შ.

„ტექნიკის შეცვლას ვითხოვ იმიტომ, რომ 9-სიჩქარიანი მანქანით დავდივარ და 2 სიჩქარე აქვს: პირველი და „ზადნი“. ხან პროპელერი სძვრება, ხან მატორი „ასტუკებს“, ხან „პაკრიშკა“ სკდება, ხან სიჩქარე სძვრება, ხან ტროსები უწყდება, ნაგავი გასდის წურწურით, მთელ ქალაქში ხალხი აყროლდა და ამძორდა“, – ამბობს იგი.

სხვა მოთხოვნები

დაახლოებით 13:00 საათისთვის დასაქმებულებმა 40 გრადუს სიცხეში ოფისის წინ, გაჩერებული მანქანის კაპოტზე ხელით ჩამოწერეს ის მოთხოვნები, რაც ამ დროისათვის აქვთ და ადმინისტრაციას გაუგზავნეს.

ეს მოთხოვნები ასე გამოიყურება:

  • ხელფასის 50%-იანი მატება;
  • ხელშეუხებლობა [იგულისხმება მოთხოვნა, პროტესტის მედიასთან საჯაროდ გამოხატვის შემდეგ არ გაათავისუფლონ];
  • ძველ გრაფიკზე დაბრუნება;
  • სამუშაო ფორმის შეცვლა;
  • უფასო დაზღვევა;
  • ტრანსპორტის განახლება;
  • კუთვნილი შვებულებით სრულად სარგებლობა.

„თბილსერვისის“ პრესცენტრში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამჟამად [14:00 საათისთვის] დასაქმებულებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომპანიის დირექტორის მოადგილემ, დავით ფაჩულიამ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასაქმებულებს პანდემიის პერიოდში, კერძოდ კი 2020 წლის პირველი დეკემბრიდან,  125 ლარი მოემატათ, ხოლო ხელფასების სამომავლო ზრდა აქამდეც განიხილებოდა:

„მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება. მომავალი წლიდან თანამშრომლებს ისედაც ეზრდებოდათ ხელფასი და განიხილებოდა ეს საკითხი. მომავალი წლიდან აუცილებლად მოემატება ყველას ხელფასი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გარდა ამისა, 2022 წლის პირველი იანვრიდან ყველა თანამშრომელს „უფასო დაზღვევა ექნება“.

რა ხდება ახლა?

თუმცა დასაქმებულებს ეს განმარტება არ აკმაყოფილებთ და პროტესტს აგრძელებენ. ისინი თბილისის მერთან, კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ და მოუწოდებენ, მათთან მივიდეს.

დასაქმებულები ასევე უარს აცხადებენ მედიის გარეშე ადმინისტრაციასთან ცალკე საუბარზე, ადმინისტრაცია კი მათ დახურულ კარს მიღმა საუბარს სთავაზობს.

დღეს რამდენიმე მსუბუქ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის, ასევე, დასაქმებულებსა და პოლიციას შორის.

გაფიცულები ბელიაშვილის ოფისიდან ნაგვის გადამზიდ ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი