ახალი ამბები

ყოფილმა თანამშრომელმა “თბილსერვისს” უჩივლა

24 სექტემბერი, 2021 • 1055
ყოფილმა თანამშრომელმა “თბილსერვისს” უჩივლა

“თბილსერვისის” ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ზაფხულის გაფიცვების შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში “თბილსერვის ჯგუფის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პარტია “დროას” იურისტმა და ირაკლი ბაღდავაძის ადვოკატმა, გიგა ლემონჯავამ მიაწოდა.

ლემონჯავას განმარტებით, ბაღადავაძეს სარჩელში სამი მოთხოვნა აქვს გაჟღერებული:

  •  ირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაუქმდეს თბილსერვის ჯგუფის დირექტორის ბრძანება.
  •  აღადგინონ ბაღდავაძე  თანამდებობაზე
  • სასამართლოს დასრულების შემდეგ აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური

ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან ზაფხულში “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლების გაფიცვების შემდეგ გაუშვეს. მან 12 სექტემბერს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, თუმცა ლემონჯავას განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან შიმშილობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა.

„თბილსერვისის“ თანამშრომლები 6 აგვისტოს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასის მატება, სამუშაო პირობებისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება, დაზღვევა, შვებულების უფლებით სარგებლობა და პროტესტის გამოხატვისა და გაფიცვის გამო „ხელშეუხებლობა“, ანუ სამუშაო ადგილის შენარჩუნება იყო. გაფიცვის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე სწორედ ირაკლი ბაღდავაძე იყო.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაფიცვას „დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა. მოგვიანებით, 8 აგვისტოს, დასაქმებულთა ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა.

ამავე თემაზე ვრცლად:

რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშები – რეპორტაჟი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი