ახალი ამბები

რჩება შთაბეჭდილება, რომ ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ – ჯაღმაიძე

14 სექტემბერი, 2021 • 1143
რჩება შთაბეჭდილება, რომ ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სავარაუდო ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებით ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ.

ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ მასალებზე და ამიტომ მედიას სთხოვს, რომ აღნიშნული ფაილები გადასცენ.

“სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც სავარაუდოდ, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ.

სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროების დეტალები გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი რაიმე დასკვნების ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი.

საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები.

პ.ს. უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა”, – წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.


13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-სგან არის გამოჟონილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. “ქართული ოცნების” ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი