ახალი ამბები

DRI: უკანონო თვალთვალი საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას

14 სექტემბერი, 2021 • 1259
DRI: უკანონო თვალთვალი საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი(DRI) ეხმიანება TV პირველის ეთერში 12 სექტემბერს გასულ სიუჟეტებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურ კონტროლს ახორციელებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე (მათ შორის, სკოლებისა და ბაღის პედაგოგებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოხელეებზე), ქართული ოცნების წევრებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილ კანდიდატებზე, საპატრიარქოს ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და ყველა რანგის სასულიერო პირზე.

DRI-ს განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვადასხვა სოციალური ჯგუფების უკანონო აუდიო და ვიდეომიყურადება, ახალ პრაქტიკას არ წარმოადგენს. მათი თქმით, აღნიშნული მეთოდები მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში კონტროლის და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცა.

ორგანიზაციის განცხადებით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.

“საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით, პირადი ცხოვრების უფლება მხოლოდ კანონიერი მიზნის მისაღწევად შეიძლება შეიზღუდოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. თუმცა ადამიანის ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობის დარღვევა არ შეიძლება გამართლებული იქნას არავითარი გარემოების არსებობისას. პირად ცხოვრებაში ლეგიტიმური ჩარევის შემთხვევაშიც კი, როგორიცაა თვალთვალი კონკრეტული კანონიერი მიზნებისთვის, თვალთვალი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ადამიანის პირადი ცხოვრების ძირითადი სფეროს შელახვის საფრთხე, და ჩანაწერები განადგურდეს/წაიშალოს.

სუს-ის მხრიდან განხორციელებული ფარული მოსმენა და თვალთვალი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მათ შორის, ინტიმური ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ყველაზე უხეშ ხელყოფას, რასაც თან ახლავს კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებების – თანასწორობის, მიმოსვლის, სიტყვისა და გამოხატვის, საარჩევნო უფლების უგულებელყოფაც”, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის გზით, ე.წ. „მოსმენების გასაღები“ სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელშია. მათი შეფასებით, ეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, განსაკუთრებით, შესაბამის სამსახურებზე სათანადო ზედამხედველობა/კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტს:

  • შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საჯაროობის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს სუს-ის/სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლას.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ეფექტიანი სამოქალაქო მონიტორინგის და მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ხელისუფლების მხრიდან უკანონო თვალთვალის რისკებს.

სახელისუფლებო პარტიას და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ სამართალდამცავ სტრუქტურებს:

  • დაბრუნდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და უარი თქვან ფარული მოსმენის, როგორც პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორების იარაღად გამოყენებაზე.

13 სექტემბერს ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

უწყებები, სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი